„სულების მბრძანებელი“

„სულების მბრძანებელი“

“ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ არის მედია საშუალებების მფლობელი, რა ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ადამიანი და ჯგუფი და როგორ ხდება მედია საშუალებების დაფინანსება. ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, საქართველოში შემუშავდეს მედია გამჭვირვალობის ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება ისეთივე, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედია საშუალებების მფლობელების ვინაობა არის უცნობი და საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ სწორედ ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე.“ - ამ ინიციატივის გახმოვანება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ იტვირთა და დეპუტატებს ორ კვირაში შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა. 

ვინ იფიქრებდა... არა, იმას სულაც არ ვგულისხმობთ, რომ კანონპროექტის დაკანონებიდან უმოკლეს ხანში, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება „რუსთავი–2“–ის და „იმედის“ მფლობელებს დაასახელებს, უბრალოდ, ახლა თავი იმაზე ფიქრით უნდა ვიმტვრიოთ, რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი.

ოპოზიცია ამბობს, საერთაშორისო ზეწოლის შედეგიაო – არაა გამორიცხული, მაგრამ ის რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლება შიდადაპირისპირებამ მიიყვანა აღნიშნულ ინიციატივამდე? მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და, ადრე თუ გვიან, ამასაც გავარკვევთ.

დაასახელებს თუ არა ხელისუფლება ნაციონალური არხების მფლობელებს, ამას ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ტელეკომპანიების მფლობელის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია – ეს თავად ხელისუფლებაა, ხოლო უფრო კონკრეტულად, როგორც საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები ამბობენ – მიხეილ სააკაშვილი. 

ამიტომ, ოპოზიციის ნაწილის პოზიცია გასაკვირიც კია, როცა თავი ისე უჭირავთ, თითქოს მართლა სჯეროდეთ ბაქრაძის ინიციატივის.  

„საქართველო მედია თავისუფლების ხარისხით, სამარცხვინო მე-100 ადგილზეა, ამიტომ მივესალმები თქვენს ინიციატივას... ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ნებისიმიერი ობიექტური კრიტიკისადმი“ – ეს იმ გიორგი თარგამაძის განცხადებაა, რომელმაც, წესით, ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს „იმედის“ რეალური მფლობელის ვინაობა და ისიც, რომ ამას ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გაამჟღავნებს, მაგრამ რას მოასწავებს თავის მის მიერ თავის მოკატუნება გაუგებარია.

ახლა კი ის ავადსახსენებელი რეიტინგები, რამაც ბაქრაძე აალაპარაკა, ხოლო სააკაშვილს კვერი დააკვრევინა. სულ ახლახანს გამოქვეყნდა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, სადაც საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა და მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო.


აქამდე თუ თავი მოგვწონდა, რომ კორუფცია დავამარცხეთ და გვიკვირდა სად პოულობდა სოსო თოფურიძე ამდენ კორუფციონერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მატიას ჰუტერმა გაგვაგებინა: 

„საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანასების საკითხებში“.

ალბათ, ადვილი მისახვედრია საიდან დაუბერა დასავლეთის ნიავმა, მაგრამ ეს ყველაფერი როდია, ამავე ორგანიზაციის კვლევებმა, ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში დადო მეტ–ნაკლებად რეალური სურათი ქართული არხების მფლობელეთან დაკავშირებით. თუმცა, იქვე დასაბუთებული ეჭვებიც იყო გამოთქმული ზოგიერთ მფლობელის მიმართ. კერძოდ, კვლევის თანახმად, ბუნდოვანი იყო RAAK-ის და მისი შვილობილი კომპანიის RAAK Georgia Holding-ის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც „იმედის“ 90%-ის მფლობელია. „არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

ანგარიშში უამრავი საინტერესო დეტალია განმარტებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ მედია მფლობელებზე შევჩერდებით, რომლებიც ორგანიზაციის მიერ შედგენილ ცხრილში შემდეგნაირად გამოიყურებიან: 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „რუსთავი 2-ის“ აქციების 30%-ს, „მზის“ 45%-ს და „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობს. პირველი ორი ტელეარხის შემთხვევაში, აქციების მეტი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია Degson Limited -ია. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დამატებით ფლობს „საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს“, რომელიც ინგლისურ გაზეთს „Georgian Business Week“ გამოსცემს და სააგენტო GBC.ge-ს. ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი – მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმაა.


ტელეკომპანია „I სტერეო“ – შპს. ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 65%; ზილფიმიანი დავით 22%, კოპულეტი მარკო 10%, სევერინი ლუკა 3%; „იმედი TV“– Georgian Media Production Group - 100% (RAAK Georgia Holding 90%, ჯოზეფ ქეი 10%); „კავკასია“– ჯანგირაშვილი ნინო (100%); „მზე“–Degson Limited 55%, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 45%; „ოდიში“ – გრიგოლია ემა 70%, ქობალია ალექსანდრე 20% (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი), კიმ კიმ 10%; „რეალტივი“ – პაიჭაძე ია (100%); „რუსთავი 2“– Degson Limited 70%, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 30%; „საქართველო“– Denial Union 100%; სტუდია „მაესტრო“– ებრალიძე გიორგი 38%, ღლონტი მამუკა 38%, ჩიკვაიძე ლევან 19%.

„რამდენიმე რეგიონალური ტელევიზიის თანამფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრია,“ - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელიც „დღესდღეობით ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანო არ არის“, არ აქვს უფლებამოსილება დაადგინოს, ვინ არიან ტელეკომპანიების ფაქტიური მფლობელები და გამოიძიოს, თუ ვინ დგას ლიცენზიების მფლობელი იურიდიული პირების უკან. აქ კი შეიძლება შევეკამათოთ მედიაექსპერტებს, რამე–თუ, სათანადოდ ვერ აფასებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაძლებლობებს, თუმცა ამაზე ოდნავ ქვევით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ზუსტად ერთი წლის წინ გამოაქვეყნა, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღეისათვის მასში მცირეოდენი ცვლილებებია შესული, თუმცა, ეს საქმის არსს არ ცვლის. საქმის არსს არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოკა გაბაშვილის პოზიცია ცვლის:

„ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, ჩვენი მიზანი არ არის, მხოლოდ ჩვენ რეგიონში ვიყოთ მოწინავე ქვეყანა და ვცდილობთ დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. გთხოვთ პოლიტიკური ეჭვიანობის გარეშე მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და პარტიული კუთვნილების გარეშე, ერთად გადავწყვიტოთ ეს საკითხები“, – ან გაბაშვილია ზედმეტად გულუბრყვილო (რაც საეჭვოა), ან საზოგადოებას თვლის ზედმეტად ბრიყვად – ყოველ შემთხვევაში თარგამაძეს ერთ–ერთზე რომ არ ეტყოდა ამას, ეჭვი არავის ეპარება. 
ასეა თუ ისე, წინ საინტერესო პროცესი გველის – კიდევ ერთი პიარაქცია, მაგრამ როგორღაც ამასაც გადავიტანთ. მანამდე კი იმ ადამიანის აზრიც მოვისმინოთ, ვინც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული წართმეული ტელეკომპანიის დაბრუნებაში. ეროსი კიწმარიშვილი დაკარგულის დაბრუნების იმედმა მტერთანაც კი გააერთიანა დევიზით „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“. მოკლედ, კიწმარიშვილი და ქიბარ ხალვაში ერთად ემზადებიან სააკაშვილისთვის „რუსთავი–2“–ის ხელიდან გამოსაგლეჯად და თუ რატომ სააკაშვილი – ამას ახლავე ახსნის: 

„მედიამფლობელების გამოვლენას არ სჭირდება არც კანონი და არც ორკვირიანი მომზადება. მარეგულირებელმა კომისიამ ძალიან კარგად იცის ვისია ეს კომპანიები. სხვათა შორის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეა ამ კომპანიების მფლობელი. ამიტომ, ნაციონალური მაუწყებლები დაწყებული „რუსთავი–2“–ით, გაგრძელებული, „იმედით“, „მზით“, „საქართველოთი“ და ა.შ არის პირდაპირი გზით აქციების წარმდგენზე რეგისტრირებული, ხოლო ყველა ეს აქცია ინახება სააკაშვილთან. ასე რომ, სააკაშვილია, პერსონალური მფლობელი ყველა საკონტროლო პაკეტის. ეს არის ბევრგზის დადასტურებული ფაქტი ყველა იმ ადამიანის მიერ, ვინც მუშაობდა სააკაშვილთან და დარწმუნებული ვარ დღემდე ასე გრძელდება, რადგან ის არავის ანდობს საკონტროლო პაკეტს“.

ამიტომ მიიჩნევს კიწმარიშვილი, რომ ბაქრაძის „ინიციატივაც“ ისეთივე პიარ–აქცია იქნება, როგორიცაა „გამჭვირვალე სასამართლო“, „გამჭვირვალე პოლიცია“ და ა.შ. „რუსთავი–2“–ის ყოფილი მფლობელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ კანონის დონეზე ყველაფერი გამჭვირვალე იქნება, ხოლო რეალურად მოინახება ფორმა, რითაც ხელისუფლება შეეცდება რეალობის დამალვას. 

„არანაირი მოლოდინი, რომ მათ ამის გაკეთება უნდათ, მე არ მაქვს, რადგან პირიქით, ყველა მედია საშუალების ცენტრალიზაცია და ხელში აღება ხდება. დარწმუნებული ვარ ავლაბრის რეზიდენციაში დავით ტყეშელაშვილის ჯგუფი ზის და პირდაპირი დირექტივებით ახორციელებს მათ ხელში არსებული მედია საშუალებებში საინფორმაციო წყაროების დინებებსა და ორგანიზებას. ბაქარძის ამ ინიციატივას შედეგი ექნება ერთ შემთხვევაში, თუ დასახელდება სააკაშვილი და შემდგომ, სააკაშვილი წარსდგება სასამართლოს წინაშე, როგორც კანონის დამრღვევი. როცა ჩვენ შევალთ სააკაშვილის კაბინეტში და გავხსნით მის სეიფს იქ ვიპოვით იმ ქაღალდებს“, – ამბობს ეროსი კიწმარიშვილი.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილია, რომელიც ასევე სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების ახალ ინიციატივას. 

„გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, როგორც ჩანს, მათ ეს აწუხებთ, თუმცა შესაძლოა, უფრო ღრმადაც იყოს ამის ფესვები საძიებელი. მე ვერ წარმომიდგენია ხელსუფლებამ მოჭრას ის ტოტი, რომელზედაც ზის. 21–ე საუკუნეში უსაფრთხოების თემა ძალიან მწვავედ დგას, განსაკუთრებით საქართველოში „ადამიანის სულების დაპატრონების“ ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა აყვანილი, რომელთაც თავის თავზე აიღეს უსახური პარლამენტის და უსახური ორატორების როლი. ყველაფერი ეს კი პირდაპირ, ან ირიბ კონტროლზე დგას.

ამიტომ, მე ძნელად წარმომიდგენია როგორ გახდება ეს საკითხი ფიზიკურ პირებამდე გამჭვირვალე. გარდა ამისა, დეკლარირებული უნდა იყოს თუ რა სახსრებით ხდება ამა თუ იმ მედია საშუალების დაფინანსება და შენახვა და ამა თუ იმ ფლობელმა რამდენად კეთილსინდისიერად შეიძინა კომპანია. შესაძლოა, საქმე შიდასახელისუფლებო თამაშთანაც გვქონდეს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს, რა კანონზე იქნება საუბარი, დარჩება თუ არა იქ შავი ხვრელები და ა.შ. დასკვნაც მერე გავაკეთოთ,“ – ამბობს ხუხაშვილი.