მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს სამომხმარებლო ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა სემეკ-ის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მიხეილ ბოცვაძემ განმარტა, რომ კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლისათვის ძველი ტარიფის შენარჩუნებას.
"ჩვენს შესყიდვაში 40 % უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას და ვფიქრობთ, მთავარი წარმატება ეს არის, მთავარია რომ შევინარჩუნეთ მაღალი გამომუშავება და ამით ვეხმარებით აბონენტს, რომ არ გაიზარდოს მკვეთრად ტარიფი. ჩვენი 20 თეთრიანი ენერგია უპირისპირდება 15-16 თეთრიან იმპორტირებულ ელექტრო ენერგიას", -აღნიშნა ბოცვაძემ.
მანვე განმარტა, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირებაში ლარის კურსის დევალვაცია ტარიფებით არ კომპენსირდება.
"მოქმედი რეგულაციების მიხედვით, არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კრედიტების კომპენსირება ტარიფის მიერ. ჩვენ გაგვიძვირდა რა თქმა უნდა ვალუტაში მოზიდული კრედიტების მომსახურება, თუმცა ამის კომპენსირება ტარიფით არ ხდება. ამან გამოიწვია პირიქით შემცირება 9 სადგურზე, ერთზე მოხდა მხოლოდ ზრდა", - განმარტა მიხეილ ბოცვაძემ.
საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებთან დაკავშირებით იმსჯელა. კენჭისყრის შედეგად 9 ჰიდროელექტროსადგურზე ტარიფი შემცირდა, ერთზე კი გაიზარდა.
კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გოჩა შონიამ სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგენილების მიხედვით არსებული მეთოდოლოგიიდან გამომდინარე იქნა მიღებული და არსებული კომპონენტის ცვლილება აუცილებად იქონიებს გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე.