თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროქურთ ხალხთა დემოკრატიის პარტიიდან პერვინ ბულდანი, რომელიც დღეს დილით თურქულმა პოლიციამ დააკავა, ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.
„პერვინ ბულდანმა ჩვენება მისცა პროკურატურას და ამის შემდეგ გაათავისუფლეს. სტამბოლის სასამართლოში დღეს ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ეხება „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებას, საპარლამენტო ხელშეუხებლობის ჩამორთმევის თაობაზე. ბულდანი და პარტიის სხვა წევრები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ამ განცხადებას“, - განაცხადა „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ნაზმი გიურმა.
რაც შეეხება დაკავებას, გიურის განცხადებით, „პროკურატურამ ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ვიცე-სპიკერს ჩვენება მიეცა“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ ათზე მეტი წევრი დააკავა ტერორისტული საქმიანობის ან ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით.