ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც მარეგულირებელი კომისია კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს და ასევე „ზაჰესს“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფებს დაუდგენს.
როგორც გოჩა შონიამ აღნიშნა, კომისია შეაჯერებს როგორც ტარიფების დეპარტამენტის, ასევე კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
კითხვაზე: დღეს მიღებული გადაწყვეტილება იქონიებს თუ არა გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, გოჩა შონიას თქმით, იქონიებს გავლენას, რადგან შესყიდვების დიდი წილი „ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ არის სწორედ ჰიდროელექტროსადგურებიდან.
„ორშაბათს იქნება გადაწყვეტილება მიღებული. დაველოდოთ, თუმცა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე”, - განაცხადა შონიამ.
რაც შეეხება იმას, თუ იმოქმედებს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების დადგენაზე ლარის კურსის გაუფასურება, გოჩა შონიას თქმით, ამ შემთხვევაში ლარის კურსს გავლენა არ აქვს, რადგან ჰიდროელექტროსადგურები წყალზე მუშაობენ.
„ანუ კურსის კომპონენტი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს კომპონენტი ძირითადად მუშაობს თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში”, - განაცხადა შონიამ.