ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ საპატრიარქოს შესაბამისი კომისიები და ქორეპისკოპოსები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების პრობლემას ვერ აგვარებენ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა დეკანოზ დავით ისაკაძის ქადაგების კომენტირებისას განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, დეკანოზმა დავით ისაკაძემ მამა თეოდორე გიგნაძესა და მამა ალექსანდრე გალდავას ეკლესიის მტრები უწოდა და მწვალებლურ გამონათქვამებში დაადანაშაულა. მეუფე პეტრე ცაავას შეფასებით კი, სასულიერო პირებმა თავად გადაწყვიტეს „ამ არასწორი, სამწუხარო ფორმით თავისი სიმართლის დამტკიცება, რაც სავალალო მდგომარეობამდე მიდის“.
„სინოდის სხდომის დაწყებამდე ჩემს განცხადებაში ჩანს, რომ ყველა პრობლემა არის მეორე, მესამე და მეასეხარისხოვანი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც ვახსენე (შორენა თეთრუაშვილის საკითხი). აქედან გამომდინარე, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, აღდგება სამართლიანობა, აღარ იქნება გადაცდომები უფლებამოსილებისა, როდესაც ეს გადაცდომა არ იქნება კონკრეტულ ადრესატთან მიმართებაში. როდესაც სასულიერო პირებში რთულდება სიტუაცია, ცეცხლზე ნავთის დასხმის ნაცვლად ადვილად შესაძლებელია ქრისტესმიერი სიყვარულით, ერთობით მცდარი პოზიცია იყოს მხილებული და საბოლოო ჯამში გაირკვეს ყველაფერი. საქართველოს მტრებს და ეკლესიის მტრებს აწყობთ ეს არსებული ვითარება, როდესაც სასულიერო პირები ზედმეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. არაერთხელ აღუნიშნავთ ამ სასულიერო პირებსაც, რომ ჩვენ მივმართეთ სინოდს, მივმართეთ მაღალ იერარქიას. მათ ვერ მიიღეს პასუხი და თვითონ გადაწყვიტეს ამ არასწორი, სამწუხარო ფორმით, თავისი სიმართლის დამტკიცება, რასაც შესაძლოა სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ. არსებული კომისიები - საღვთისმეტყველო, ზნეობრივი, პატრიარქის თანაშემწეები ქორეპისკოპოსთა სახით, ფაქტია ვერ აგვარებენ ამ პრობლემას და ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკლესიაში”, - განაცხადა მიტროპოლიტმა.