მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტის ცემის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.
„ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი. როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ფაქტის შესაძლო ჩადენას, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, ეს საქმე ჩემს პირად კონტროლზეა. გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ დღეებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოგვცემს შესაბამის ბრალის სტანდარტს, ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადა შოთაძემ იმ კითხვის პასუხად, თუ რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებული პოლიციელები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტს სცემეს.
მთავარმა პროკურორმა დაზარალებულ გიორგი გასვიანს განუცხადა, რომ მასთან შეხვედრისა და საქმის მასალების გადაცემისთვის მზად არის.
„მეც ვარ მზად და ვაპირებდი თქვენთან შეხვედრას ამ დღეებში. შეგხვდებით და თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან და სრული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე, თუმცა, ამ ეტაპზე საჯაროდ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამით, შეიძლება, დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. კონფიდენციალურად მზად ვარ“, - განუცხადა შოთაძემ გასვიანს.