წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად ხვალ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ.

სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები და ტრადიციულად, გამომცემელთა ასოციაცია გამოავლენს ქართველი ავტორების 2016 წლის ბესტსელერებს. 

”გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, ფიფქია, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება. 
23 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი გამართავს იმ წიგნების პრეზენტაციას, რომლებიც ცენტრის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში გამოიცა”, - აცხადებენ მერიაში. 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. 

წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკმებერს, ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.