ოთარ კახიძე - დაუშვებელია, შს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს

ოთარ კახიძე - დაუშვებელია, შს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს "ბალასტი“ უწოდოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, დაუშვებელია, შს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს "ბალასტი“ უწოდოს 

კახიძის თქმით, სამინისტროს თანამშრომლებს უნდა აუხსნან თუ რატომ უშვებენ სამსახურიდან და მათ შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდნენ

"იმის გათვალისწინებით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ვერ უზრუნველყო საკმარისი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში პრაქტიკულად არის ეკონომიკური კრიზისი, აუცილებელი გახდა კადრების ოპტიმიზაცია. დაუშვებელია, რომ შს მინისტრი საუბრობდეს ამგვარი ენით საკუთარ თანამშრომლებზე. არ უნდა უწოდოს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს "ბალასტი“. ადამიანები რომლებსაც სამსახურის დატოვება უწევთ ოპტიმიზაციის თუ რეორგანიზაციიის გამო, არიან ჩვეულებრივი ადამიანები . მათ უნდა აუხსნან, რომ მთავრობის ეკონომიკური კრიზისის გამო უწევთ მსგავსი რამის გაკეთება. ბოდიში უნდა მოუხადონ და ასე მოხდეს ოპტიმიზაციის პროცესი. არ უნდა დაამცირონ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ თანამშრომლებს. მათ "ბალასტი“ არ უნდა უწოდონ. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი ქმედება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

„ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება.
მღებრიშვილის თქმით, მის უწყებაში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია დაიწყო.