ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, სწორედ აღნიშნული სამსახურის შეფასების შედეგად გაეზრდება ან შეუმცირდება ანაზღაურება თანამშრომელთა ნაწილს.
„ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამც თუ არ იმოქმედებს [შემცირება], არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული მინუს 10% ან მიზანმიმართული შემცირებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.