თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის “მართე შენი ქალაქის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის “მართე შენი ქალაქის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

„ჩემი ქალაქი ჩემით იწყება“ - ამ სლოგანით დაიწყო საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელსაც თბილისის საკრებულომ უმასპინძლა. პროექტი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2016 წელს საპილოტე რეჟიმში მხოლოდ საბურთალოს რაიონში განხორციელდა და მისი მიზანი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, დამოუკიდებელ და თვითკმარ სუბიექტებად ჩამოყალიბება.

ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და პროექტის მიზნებზე, მოლოდინებსა და მიღებულ შედეგებზე ილაპარაკა. პროექტის ფარგლებში, რაიონში მოქმედ ამხანაგობებთან მუშაობდა 30 ტრენერ-კონსულტანტი, რომელთა რეკომენდაციებითა და დახმარებით, 80 ამხანაგობაში მოხდა პასიური თავმჯდომარეების გადარჩევა, შეიქმნა ვებგვერდი www.martekalaki.ge, რომელიც სამომავლოდ, ამხანაგობებს ინდივიდუალური ვებსაიტების შექმნის საშუალებას მისცემს, დაარსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაცია, შედგა 800-ზე მეტი კორპუსის ტექნიკური პასპორტი და განხორციელდა სამი კომერციული პროექტი - ამხანაგობების კუთვნილ ტერიტორიაზე, ვეფხისტყაოსნის N16-თან აშენდა სპორტული მოედანი პარკირების სივრცითა და ადმინისტრაციული შენობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ -ის მე-2 კორპუსის სახურავზე დამონტაჟდა სარეკლამო ბანერი და პეკინის N24-ის ფასადზე განთავსდა სარეკლამო მონიტორი. ობიექტების გაქირავებიდან შემოსულ თანხას ამხანაგობები თავად განკარგავენ და მათსავე განვითარებას მოახმარენ.

ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ პროექტი 2017 წლიდან არა-საპილოტე რეჟიმში გაგრძელდება და მთელ ქალაქს მოიცავს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამხანაგობების განვითარების შედეგად უნდა იქნეს მიღწეული, გამართლდება და თბილისში იმუშავებს რეალურად და ინსტიტუციურად გამართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.