ვახტანგ რჩეულიშვილი - სასამართლოს გარეშე მაიას სასიკვდილო განაჩენს უსჯიან

ვახტანგ რჩეულიშვილი - სასამართლოს გარეშე მაიას სასიკვდილო განაჩენს უსჯიან

სასამართლოს გარეშე მაიას სასიკვდილო განაჩენს უსჯიან, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის მეუღლემ ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა. როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მოსამართლის არგუმენტი, რომლითაც მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია. 

ვახტანგ რჩეულიშვილი გეგმავს, რომ პროკურატურაში შეხვედრა გამართოს და მეუღლის ჯანმრთელობის საკითხზე რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიიღოს. 

”აქ საუბარი არ არის უკვე მაიას ღირსებაზე და პატივზე. აქ საუბარია მის სიცოცხლეზე და სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება. კაციშვილმა არ იცის მაია დამნაშავეა თუ არა იურიდიულად, რადგან სასამართლო განაჩენი არ არსებობს. პატიმრობაში ყოფნა კი მავნეა მისი სიცოცხლისთვის. ყველაზე ძლიერი სპეციალისტების დასკვნაა, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები, მაგრამ მოსამართლე ამათ ფონზე ამბობს - ”მათი დასკვნა ჩემთვის გაუგებარია, მე არ ვარ მედიკოსიო”. რა ენაზე და ვინ უნდა უთარგმნოს სამედიცონო ენიდან იურისტის ენაზე არ ვიცი. მათ კვალიფიკაცია არ ყოფნიდეთ და მაია ამისთვის იტანჯებოდეს და ეწამებოდეს ცოტა გაუგებრად მიმაჩნია. ყველა უყურებს პროკურატურას, მათ შორის სასამართლოც. საქართველოში ყოველთვის ეგრე იყო, რომ სასამართლო პროკურატურას უსიტყვოდ ემორჩილებოდა, მაგრამ დღეს საუბარია ადამიანის სასიკვდილო განაჩენზე. სასამართლოს გარეშე სასიკვდილო განაჩენს უსჯიან. თუ სიკვდილს აპირებენ რას გვაწვალებენ? ჩვენ რა რევოლუციას მოვაწყობთ და იარაღით ციხიდან დავიხსნით თუ რა? რეალურად გამოიტანონ სასიკვდილო განაჩენი და გვეცოდინება რომ კლავენ”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. 

მისივე თქმით ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯერჯერობით კვლევ გულის კლინიკაში რჩება.

”ახლა ექიმებმა უნდა გაარკვიონ რა უფრო საჩქაროა გული თუ ფილტვი. თუ ფილტვი უფრო საჩქაროა გადაიყვანენ პროფილურ კლინიკაში, თუ გული დატოვებენ იქ სადაც არის და თუ მოუნდათ საერთოდ ციხეშიც ჩასვამენ”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. 

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მათი დაცვის ქვეშ მყოფის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა გუშინ არ დააკმაყოფილა.