საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დაავალა, „მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდეს, რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში“.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თითოეული დამსვენებელი აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ. უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, იხსნება ახალი საბაგირო მიტარბის ახალ კურორტზე, ბაკურიანში და ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე.
მინდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავავალო (მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო), მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეთ, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად იმისთვის, რომ არანირი შეფერხებები არ ჰქონდეთ ტურისტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, ისარგებლონ ამ კურორტებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეული დამსვენებელი აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მცხოვრებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ეს არის უზარმაზარი, ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი იმისთვის, რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.