საპატრიარქოში დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, წმინდა სინოდის ეს კრება გეგმურია. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მღვდელმთავრები სავარაუდოდ უწმიდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.
„სავარაუდოდ, საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას დაგეგმავს“, - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდი გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს გაიმართა. ბოლო სხდომა არაგეგმური იყო და სინოდის წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი, უწმიდესი 84 წლის გახდება.