მსოფლიოში არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ”კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონმდებლობის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კონტრდაზვერვით საქმიანობას და მის ეფექტურობას ძალიან შეაფერხებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კანონში ლიბერალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც გარკვეული საფრთხეები ნაკლებია. „კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის ძალიან სპეციფიური სამსახური. ის მოიცავს სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს, აგენტურასთან მუშაობას, სპეციალურ საგამოძიებო მოქმედებებს, ინფორმაციის ანალიზს და დამუშავებას. ასევე, მოითხოვს ოპერატიულობას. ოპერატიულობაა მთავარი არგუმენტი, რაც საჭიროებს ამ უწყებისთვის სპეციალური რეჟიმის დაწესებას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სპეციალური რიგითი გამოძიებისგან და უშვებდეს გამონაკლისს. სწორედ კანონში წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება შესაბამისმა სამსახურებმა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აწარმოონ მიყურადება, მოსმენა. ამიტომ მე მესმის მათი ლიბერალური მოთხოვნის, მაგრამ ვთვლი, რომ იმის გათვალისწინებით, რა დროსა და სივრცეშიც ვიმყოფებით, რა რისკები და საფრთხეები არსებობს, ასეთი გადაწყვეტილება ძალიან შეაფერხებს კონტრდაზვერვით საქმიანობას და მის ეფექტურობას. მე პატივს ვცემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ შემთხვევაში დასაშვებია გამონაკლისი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ოქროს შუალედის პოვნა უნდა მოხდეს დროსა და სივრცეში. “ჩემი აზრით, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ საკითხს. იმ ტენდენციების დროს, რომელიც გვიჩვენებს, რომ საფრთხეები ნაკლებია, შეიძლება უფრო მოვახდინოთ კანონპროექტის ლიბერალიზაცია. პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდგომ ევროკავშირმა მიიღო მიმართვა ბევრი სახელმწიფოს მიმართ, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც მიზანმიმართულია ტერორიზმთან ბრძოლისკენ. მათ შორის იგულისხმება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მხარდაჭერა. ამას მოჰყვა გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში კანონმდებლობის გამკაცრება და კონტრდზვერვითი საქმიანობისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საუბარია იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს. ასევე დავის ერთ-ერთი საკითხია ისიც, რომ ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი, მეორე პიროვნებას კი ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები კონსტუტუციით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.
„კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. დღეს კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში სამართალდამცავებს, კონკრეტულ უწყებებს შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე აწარმოონ აუდიო ჩაწერა, ვიდეო-ფოტოს გადაღება, რის შესახებაც ადრესატს ინფორმაცია არ ექნება“,- განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ.