მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა და ხელ-ფეხის გახსნა ტერორისტებისა და არაკეთილმოსურნეთათვის, - ასე აფასებს ”კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონმდებლობის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.
მისი თქმით, კონტრდაზვერვის კანონის ის ნორმა, რომლის გაუქმებასაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ მისი გაუქმება არ შეიძლება.
”მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა და ხელ-ფეხის გახსნა ტერორისტებისა და არაკეთილმოსურნეთათვის. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა ხომ სწორედ ის არის, რომ პრევენცია განახორციელოს და ტერორისტებამდე ადრე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამიტომ მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხელოვნურ ბარიერებს და დამატებით პრობლემებს არ უნდა ვუქმნიდეთ. მით უმეტეს, დღეს მომეტებული საფრთხეების ფონზე, როდესაც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, უსაფრთხოების სამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან და სახელმწიფოების ძალისხმევა უსაფრთხოების სამსახურების, გაძლიერებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მიმართულებით. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი დაუფიქრებელი მოთხოვნებით, ჩვენ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ სანამ მსგავს სარჩელებს მოვამზადებთ, უმჯობესი იქნება თვალები ფართოდ გავახილოთ და კარგად დავინახოთ, რა ხდება მსოფლიოში”, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საუბარია იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს. ასევე დავის ერთ-ერთი საკითხია ისიც, რომ ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი, მეორე პიროვნებას კი ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები კონსტუტუციით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.
„კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. დღეს კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში სამართალდამცავებს, კონკრეტულ უწყებებს შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე აწარმოონ აუდიო ჩაწერა, ვიდეო-ფოტოს გადაღება, რის შესახებაც ადრესატს ინფორმაცია არ ექნება“,- განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ.