ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება, დღეს გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე, საფრთხეს შეუქმნის ჩვენივე მოქალაქეების დაცულობას,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ განმარტა, უსაფრთხოებას შესახებ კანონი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, ეხება საგამონაკლისო ნორმებს, სადაც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ნორმები მოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, როცა საქმე ეხება ტრორიზმს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მყოფ პირებს.
„ეს არ არის ორდინალური შემთხვევები. ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობთ მისი გაუქმება არ შეიძლება. მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა. "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა საფუძველზეც კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული დროით დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესაძლო საეჭვო პირის, მოსამართლის ნებართვის გარეშე, ფარული თვალთვალი და მიყურადება, ხელ-ფეხს გაუხსნის ტერორისტებსა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მსურველებს”, - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ პრევენცია განახორციელონ და გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, ამიტომ მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელოვნურ ბარიერებს და დამატებით პრობლემებს არ უნდა ვუქმნიდეთ.
„დღეს, მომეტებული საფრთხეების ფონზე, როდესაც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში უსაფრთხოების სამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან და სახელმწიფოების ძალისხმევა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მიმართულებით, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი დაუფიქრებელი მოთხოვნებით შეიძლება, საფრთხე შევუქმნათ ჩვენი შვილების, ოჯახების უსაფრთხოებას",-განაცხადა ეკა ბესელიამ.