შექმნილ ვითარებას მივყავართ თითოეული მოქალაქის მდგომარეობის უფრო დამძიმებისკენ

შექმნილ ვითარებას მივყავართ თითოეული მოქალაქის მდგომარეობის უფრო დამძიმებისკენ

ქვეყანაში რეალურად გაძვირდება ყველაფერი, ასევე, მოგვიწევს გაცილებით მეტის გადახდა ელექტროენერგიასა და გაზში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, რომ ლარის გაუფასურება არ გამოიწვევს ფასების ზრდას, თუმცა გუშინ სემეკ-მა არ გამორიცხა ახლო მომავალში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდა.

ამას მივყავართ ჩვენ კატასტროფისკენ და ჩვენი თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გაცილებით უფრო დამძიმებისკენ. გაზი, ალბათ, რამდენიმე თეთრით გაძვირდება ახლო მომავალში და შესაბამისად, თბოელექტროსადგურებს მოუწევთ, გააძვირონ ელექტროენერგია. გარდა ამისა, როდესაც მოხდება ტარიფის ზრდა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის, პურის ქარხნებისთვის, სავარაუდოდ, ეს ასევე გამოიწვევს პურის ფასების ზრდას. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ კარგად დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ხალხს ავაცილოთ. არავის არ სიამოვნებს, მათ შორის, არც საპარლამენტო ოპოზიციას, მუდმივად ამ თემებზე აპელირება, მაგრამ ჩვენ შევედით წრეზე, საიდანაც გამოსავალი რეალურად არ ჩანს. ამას კიდევ დავამატებდი აქციზის ფასების ზრდას, რის შედეგადაც საწვავზე ფასი იზრდება. რეალურად ქვეყანაში გაძვირდება ყველაფერი, თითოეული საგანი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ასევე, ჩვენ მოგვიწევს გაცილებით მეტის გადახდა ელექტროენერგიაში, გაზში. მე რიტორიკული შეკითხვაც მინდა დავსვა - რას აპირებს თქვენი ხელისუფლება, სუბსიდირებას? მე მგონი, ამის სახსრები ბიუჯეტში არ არის და ეს არის კიდევ უფრო დამღუპველი გზა, რომ ენერგოსექტორი მოკვდეს“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.