ტერორიზმის რისკების ზრდის ფონზე ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება უსაფრთხოებას არ წაადგება

ტერორიზმის რისკების ზრდის ფონზე ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება უსაფრთხოებას არ წაადგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის აზრით, ტერორიზმის რისკების ზრდის ფონზე ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება უსაფრთხოებას არ წაადგება.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

„მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დღეს განიხილება და რომლითაც ის მოითხოვს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას. ვფიქრობ, ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკები გაზრდილია, ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და ევროპის უსაფრთხოებასაც ნამდვილად არ წაადგება. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთოების საკითხებს და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუპირისპირდებით ისეთ რეგულაციებს, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ.

როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. საუბარია იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს. ასევე დავის ერთ-ერთი საკითხია ისიც, რომ ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი, მეორე პიროვნებას კი ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები კონსტუტუციით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს.

„კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ“ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. დღეს კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში სამართალდამცავებს, კონკრეტულ უწყებებს შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე აწარმოონ აუდიო ჩაწერა, ვიდეო-ფოტოს გადაღება, რის შესახებაც ადრესატს ინფორმაცია არ ექნება“,- განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ.