ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ უფრო კრიტიკულები და მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე

ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ უფრო კრიტიკულები და მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე

ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ კრიტიკულები, ვაპირებთ, საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას, მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკურ საკითხზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არავისთვის უცხო არ არის, რომ საქართველო დგას გამოწვევის წინაშე და ამ გამოწვევებს სდევს პრობლემები რეგიონული კუთხით.

“განსაკუთრებით პრობლემები შეეხება უსაფრთხოებას და ეკონომიკის საკითხებს. თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არის. ჩვენი ვალია, რომ ამ გამოწვევებს შევხვდეთ მომზადებულები. ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ მთავრობის წევრების დაბარებაზე. დამერწმუნეთ ბატონებო, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი და ჩვენს მიერ მოწონებული ეკონომიკური გეგმა მოქმედებაში მოვა და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები იქნება, პირველი გამხმოვანებელი ამ კრიტიკული კითხვებისა ჩვენ თავად ვიქნებით. არ ვაპირებთ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო გეგმებით მოვედით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ კრიტიკულები, ვაპირებთ, საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას, მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე”, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ნუ შეუწყობენ ხელს არასწორი მოლოდინების გაღვივებას.

„რაც შეეხება მთავრობის დაბარებას, ჩემი პირადი აზრია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში თუ იქნება მოვლენების კრიტიკული გაგრძელება,  ვიფიქრებთ ამაზე. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. მათგან ვიღებთ დადებით პასუხებს. მოლოდინები არ არის ისეთი, როგორსაც თქვენ ხატავთ, აქედან გამომდინარე ოპტიმისტურად ვართ. დარწმუნებული ვართ, იმ გეგმის რეალურობაში, რომელიც მათ მიერ არის წარმოდგენილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.