გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელს ეძებს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელს ეძებს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის პოლიცია ტუნისის  მოქალაქეს, 24 წლის ანის ა.-ს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა. ტუნისის მოქალაქის საბუთები სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდეს და ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ბერლინში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

23 წლის პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც მანამდე იყო დაკავებული, პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

ამასთან პოლონეთმა თავისი მოქალაქის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. როგორც გერმანული მედია წერს, სატვირთო მანქანის მძღოლი დაუდგენელმა პირმა თავისი მანქანის კაბინაში მოკლა. გამოცემა Bild-ი ცხედრის ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი, რომელიც მოკლული მგზავრის სვარაძელზე აღმოაჩინეს, ცოცხალი იყო სატვირთო მანქანის საშობაო ბაზრობის შევარდნის მომენტამდე. ექსპერტი ვარაუდობს, რომ მან თავდამსხმელის შეჩერება სცადა, რა დროსაც პოლონეთის მოქალაქეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.