ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებმად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელება იგეგმება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებმად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელება იგეგმება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერია წინასაარჩევნოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების კეთილგანწყობის მოსაპოვებმად რამდენიმემილიონიანი პროგრამის განხორციელებას გეგმავს, - ამის შეესახებ ირაკლი ნადირაძემ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის მერიამ წელს საბურთალოს რაიონში განახორციელა საპილოტე პროექტი, განახორციელა პროგრამა ”მართე შენი ქალაქი”, რომლის ბიუჯეტი 600 000 ლარს შეადგენდა. ნადირაძის თქმით, მომავალ წელს ამ პროგრამისათვის 500 000 ლარი არის გათვალისწინებული. ნადირაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში წელს 34 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული.

”მერია აპირებს ეს პროგრამა ათივე რაიონზე გაავრცელოს. ჯამში ამ პროგრამით დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხოვნება 350 კაცით გაიზრდება. მთლიანად პროგრამისათვის 5 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ამ პროგრამას არაფერი საერთო არ აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებასთან. ეს არის პროგრამა, რომლის მიზანია კორპუსის თავმჯდომარეების განწყობა მოიპოვონ. გადაუხადონ მათ ხელფასები და პრემიები. დახარჯონ ფულები მათ ფურშეტებზე, ე.წ. ტრეინინგ-სემინარების ჩატარებაზე, რაც სინამდვილეში მიზანია, რომ ეს ხალხი არჩევნებზე გამოიყენონ აქტივისტებად”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა თბილისის მერიას წერილით მისწერეს, რომ საბიუჯეტო თანხების ამ მიზნით გამოყენება დანაშაული იყო. ნადირაძის განცხადებით, საზოგადოების და მედიის ჩარევის შედეგად მერიამ უკან დაიხია და ასობით ათასი ლარი ამოიღო იმ პროგრამებიდან, რომელიც გათვალისწინებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის სასაჩუქრე ნოუთბუქების, მათი ფურშეტებისა და სემინარებისათვის, თუმცა დღეს საკრებულოში ხდება საპილოტე პროექტის განხილვა. ნადირაძე აცხადებს, რომ დღეს საკრებულოში მოხდება ამ საპილოტო პროექტის განხილვა და ქალაქის ხელისუფლებას სურს ეს პროექტი სხვაგვარად „შეფუთოს“. მან თბილისის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა, „ნუ ჩაიდენს უკანონობას და თბილისელების ბიუჯეტს ბოროტად ნუ გამოიყენებს“ და უარი თქვას აღნიშნულ საპილოტე პროექტის განხორციელებაზე.