თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა იმ დიდი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რასაც რეგიონის არაგანჭვრეტადი მომავალი ჰქვია

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა იმ დიდი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რასაც რეგიონის არაგანჭვრეტადი მომავალი ჰქვია

სამწუხაროდ, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რეგიონში, ჩვენს სიახლოვეს ვითარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„უამრავი საკითხია, რაც ჩვენი მხრიდან საგანგებო მობილიზებას მოითხოვს. თურქეთში ჩვენი პრემიერის ძალიან ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე ჩასვლა, გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ამ მწვავე პროცესებში ეს მოვლენა დაიკარგა. ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანაა. რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობებს არ შეცვლის, რადგან არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, რის გამოც რუსეთი თურქეთთან ურთიერთობების დათბობის კურსს ვერანაირად ვერ დათმობს. ამ ხარისხის  ომი და დაძაბულობა ჯერჯერობით, არანაირ შანსს არ ტოვებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე ვილაპარაკოთ. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა იმ დიდი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რასაც რეგიონის არაგანჭვრეტადი მომავალი ჰქვია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ალეპოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მაქსიმალურად საქმიანი უნდა იყოს.

„მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულება მაქსიმალურად საქმიანი უნდა იყოს. არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მხრიდან აბსოლუტურად უსაფუძვლო და  პოლიტიკურად არამიზანშეწონილი განცხადებები გაკეთდა. ისინი ძველ რიტორიკას და ტაქტიკას მიჰყვებიან და აცხადებენ, რომ დასავლეთის ვექტორზე ერთადერთნი  და განუმეორებელნი არიან და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გული შესტკივათ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს, მაგრამ არა მჭახე განცხადებებით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს მასშტაბით მიღებულ დოკუმენტებს ჩვენ არა მარტო მხარი დავუჭირეთ, არამედ რეზოლუციების თანაავტორებიც ვიყავით. პარლამენტი ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს და რასაკვირველია, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს, მაგრამ არა ასეთი მჭახე განცხადებებით. ასე რომ, უპრიანია, ასეთ დროს საქმიანი მიდგომა გვქონდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.