”ამერიკის ხმა” – მოსკოვი და ანკარა თანამშრომლობის პირობას დებენ

”ამერიკის ხმა” – მოსკოვი და ანკარა თანამშრომლობის პირობას დებენ

”მოსკოვი და ანკარა თანამშრომლობის პირობას დებენ”, - ამ სათაურით სტატიას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს. 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, თურქეთი ანკარაში, რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას იძიებს. ამავდროულად, თურქეთის პოლიტიკური ლიდერები პირობას დებენ, რომ მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს და რომ ორივე ქვეყანა მზადაა, სირიაში ომის დასამთავრებლად თანამშრომლობა გააგრძელოს.

რუსეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ანკარის აეროპორტში გაიმართა. ფოტო-გამოფენაზე, დემონსტრატიულად მოკლული კარლოვის ცხედარი რუსეთში გადაასვენეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბანალი ილდირიმი აცხადებს, რომ მკვლელობა თურქეთ-რუსეთის ორმხრივ თანამშრომლობას ვერ შეასუსტებს. მისი თქმით, ურთიერთობები გაგრძელდება, რადგან „არავის შესწევს უნარი ორ ქვეყანას შორის კავშირები დაანგრიოს“. 

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად ყველა ზომას იხმარენ.

როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის სტატიაშია ნათქვამი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ედროღანი ირწმუნება, რომ თურქეთი მონდომებულია მკვლელობა სიღრმისეულად გამოიძიოს და საამისოდ საგამოძიებო ორგანოები რუს კოლეგებთან ითანამშრომლებენ. ანკარაში უკვე ჩავიდა 18 წევრისგან შემდგარი საგამოძიებო ჯგუფი რუსეთიდან.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, დაკავებულთა უმრავლესობა 22 წლის შეიარაღებული თავდამსხმელის ნათესავები არიან.
თურქი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ახლა გამოძიების საგანია ჰქონდა თუ არა თავდამსხმელ, ყოფილ პოლიციელს, კავშირები შეერთებულ შტატებში დევნილობაში მყოფ  გიულენთან, რომელსაც თურქეთი ივლისში არშემდგარი სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
გამოცემა „ალ-მონიტორის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი იზიარებს პრემიერის შეხედულებას და ამბობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავება მოსალოდნელი არ არის.

„რუსეთმა თურქეთი თავის მხარეზე გადაიბირა, ის ახლა ცდილობს თურქეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობით იხეიროს, ამიტომაც ახლა თურქეთთან გართულებები მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა იდიზიმ.

სირიის ომში ანკარა და მოსკოვი სხვადასხვა მხარეს დგანან. ამის მიუხედავად, ორმა ქვეყანამ ამ თვეს ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას ითანამშრომლა.

იდიზი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მყისიერ დაძაბვას არ ელოდება, აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობას გრძელვადიანი შედეგები ექნება. 

„ეჭვგარეშეა, რომ ეს მკვლელობა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ჩრდილს აყენებს. რუსეთი დიპლომატიურობას შეინარჩუნებს, მაგრამ მომხდარს არ დაივიწყებს, ისევე, როგორც ამას არ დაივიწყებდა არც ერთი ხელისუფლება, რადგან დიპლომატების მკვლელობები, წარსულში, ომების საფუძველი გამხდარა”, - განაცხადა იდიზიმ.