თუ დღეს ლარი არ იქნება თანდათან გაუფასურების რეჟიმში, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა, - ამის შესახებ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ, ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს ”ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც არასწორია. პაპავას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით პრიორიტეტები გადაიხედოს.
”თუ დღეს ლარი არ იქნება თანდათან გაუფასურების რეჟიმში, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა, კიდევ უფრო გაიზრდება იმპორტი. თურქეთიდან შედარებით უფრო იაფი იმპორტი გამოჩნდა. ეს სულ წალეკავს ბაზარს. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცხრაწლიანი მმართველობის დროს საქართველო მომხმარებელ ქვეყნად ჩამოაყალიბა. როდესაც შემოდიოდა ინვესტიციები, ის მიდიოდა უძრავი ქონების სექტორში, სამომხმარებლო საქონლის შესაძენად, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური გარიგება. ილუზია იყო, რომ ქვეყანა შენდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდებოდა, საერთაშორისო რეიტინგებში გავლამაზდით და ა.შ. ეს იყო ფინანსური ბუშტი, როგორც კი მსოფლიოში კრიზისი წავიდა, შემცირდა ეს ფინანსები. ”ქართულ ოცნებას” ”ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პოლიტიკა არ შეუცვლია - ისევ საუბარია ტურიზმზე, მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მაშინ, როცა ქვეყანაში არაფერია ისე განვითარებული, როგორც მცირე ბიზნესი”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.