ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა, - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
”მინდა, მოწვევისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უფროს მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა. საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.
მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას და ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის. თურქეთისა და საქართველოს მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
”ჩვენ გვაკავშირებს წარმატებული ურთიერთობა ერთობლივი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩემს უფროს მეგობართან, ბატონ ბინალი ილდირიმთან მაკავშირებს ოთხწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებიდან და ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.