საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ელჩის გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას და სამძიმარს ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, - ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ერთადერთი წამალი - მეტი კონსოლიდაცია და უფრო მეტი ერთობლივი პროექტები.
”როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, გზად გავიარეთ ადგილი, სადაც მოხდა 10 დეკემბრის საზარელი ტერორისტული აქტი და პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ, საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ელჩის გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას და სამძიმარს ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა ოჯახებს და რა თქმა უნდა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას.
მაგრამ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ერთადერთი წამალი - მეტი კონსოლიდაცია და უფრო მეტი ისეთი ერთობლივი პროექტები, როგორის გახსნასაც დღეს ვესწრებით; მეტი თანამშრომლობა და ერთად დგომა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გაგვაჩნია. გვინდა, ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ, მოძმე თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რათა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, მთლიანად, რეგიონში იყოს სტაბილური განვითარების საშუალება და ადამიანებმა დაივიწყონ ის დარდი, რომელიც მათ დღეს გააჩნიათ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე იქნება”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.