საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის „UNICEF GEORGIA“-ს წარმომადგენელს ლაილა ომარ გადს და ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელს პიერ ფერრს შეხვდა.
შეხვედრაზე შეჯამდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდგომ მიღწეული შედეგები და დაისახა სამომავლო გეგმები. ლაილა ომარ გადმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიულოცა ის პროგრესი, რაც 2016 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში იქნა მიღწეული: არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების აქტიური გამოყენება, დევნის დაწყების დაბალი მაჩვენებელი, პატიმრობის გამოყენების ერთეული შემთხვევები და პროკურორთა მომზადების მაღალი დონე, რაც ასახულია მიღწეულ შედეგებზე. თავის მხრივ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და გააცნო საქართველოს პროკურატურის სტრატეგიული ხედვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.
საქართველოს პროკურატურა კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან არასრულწლოვანთა სტატისტიკური მონაცემების სრულყოფის, არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს შექმნის, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართვის მიზნით.