თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები" წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, სამშენებლო კომპანიამ "m2" პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა და ხეების მოჭრისთვის მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეგულაციების შეცვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები" წევრებმა ასეთი შინაარსის წერილის გაგზავნას, მითუმეტეს ქალაქის ხელისუფლების გვერდის ავლით, უპასუხისმგებლო ქმედება უწოდეს. მათივე თქმით, შემაშფოთებელია ასევე  ქალაქის მერის რეაქცია, რომელიც კერძო კომპანიების მხრიდან ასეთი მოთხოვნების გამო ქალაქში ამ მიმართულებით შექმნილი ვითარების უფრო დამძიმების საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. ასევე, საფუძვლიან ეჭვს აჩენს პარლამენტის მყისიერი რეაგირება ერთგვერდიანი წერილის საფუძველზე საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნის თაობაზე. ხომ არ არის წინასწარი შეთანხმება და რიგი პარლამენტარების კერძო ინტერესები ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მაშინ, როდესაც პროცედურების გამო უამრავი საკანონმდებლო წინადადებაა პარლამენტში შეფერხებული.

ფრაქცია „რესპუბლიკელები" დედაქალაქის საკრებულოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება დღევანდელ სხდომაზე და მიმართოს საქართველოს პარლამენტს, არ  მიიღოს აღნიშნული შეთავაზება, ხოლო, მერიამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ასეთმა მიმართვებმა არ მიიღოს სისტემატური ხასიათი.