სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ პაკისტანელი ლტოლვილია

სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ პაკისტანელი ლტოლვილია

სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ პაკისტანელი ლტოლვილია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Welt-ი ავრცელებს. მანქანის მძღოლი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, სამართალდამცველებმა ბერლინის ზოოპარკთან დააკავეს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ის გერმანიაში 2016  წლის თებერვალში ჩავიდა.

ამასთან, გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, რომ მამაკაცს პოლიციასთან ურთიერთობა ჰქონია წვრილმან სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა.

ინციდენტი ბერლინის ცენტრში ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

პოლიცია მიიჩნევს, რომ ბერლინის ცენტრში მომხდარი ტრაგედია მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

ამასთან, პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, პოლონეთის მოქალაქეა. პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.