ვიმედოვნებ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ დაძაბავს

ვიმედოვნებ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ დაძაბავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ დაძაბავს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს მომხდარის შეფასებისას განუცხადა, მოხდა საზარელი ფაქტი, როდესაც ელჩი საკუთარი დიპლომატიური საქმიანობის შესრულების დროს მოკლეს.

"მე ვფიქრობ, ეს არის ტერორისტული აქტი. იმედი მაქვს, იგი არ იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაზე, რამეთუ რეგიონში რუსეთ - თურქეთის ურთიერთობის სტაბილურობას საერთო რეგიონული სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.