მოვუწოდებთ მერიის შიდა მოკვლევის და საკრებულოს სარევიზიო სამსახურებს, შეისწავლონ რამდენად ადეკვატურია მერიის სისტემაში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დავით ნარმანია რაც თბილისის მერი გახდა, საშტატო რიცხოვნობა მერიის სტრუქტურებში 500 ერთეულზე მეტით გაზარდა, გამგეობებში, მერიის სსიპებსა და ა(ა)იპებში ასევე დამატებით 500 ადამიანზე მეტი შტატგარეშე ადამიანი მუშაობს. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ამ პირთა შრომის ანაზღაურებაზე კი წელიწადში 5 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, შესასწავლია, რამდენად ადეკვატურად იხარჯება აღნიშნული თანხები.
„მაშინ, როდესაც გაისმა კონკრეტული ბრალდებები მოქმედი თანამშრომლების მხრიდან, რომ ადამიანები მხოლოდ ფურცელზე არიან გაფორმებული და რეალურად სამსახურში არავის უნახავს, შესაბამისად, ისინი არაფერს აკეთებენ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ თემის ასე მიჩუმათება, რასაც „ქართული ოცნება“ ორი დღეა აკეთებს, არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ მერიის შიდა მოკვლევის სამსახურს და საკრებულოს სარევიზიო სამსახურს, შეისწავლონ აღნიშნული გარემოება - რამდენად ადეკვატურია მერიის სისტემაში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა. რამდენად შესაბამისია მათი კვალიფიკაცია და რამდენად ადეკვატურია მათი ხელფასების ოდენობა. უთხრან საზოგადოებას, რამდენი ადამიანი ჰყავთ მხოლოდ ფურცელზე გაფორმებული, რამდენი იღებს ხელფასს და სამსახურებრივი თვალსაზრისით არაფერს არ აკეთებს. თბილისელების თანხები იფლანგება და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ნადირაძემ.