ვლადიმერ მაკეი:   ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს

ვლადიმერ მაკეი: ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს

ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბელარუსის საგარეო უწყების პირველმა პირმა ქართველ კოლეგას საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის ლოგიკური გაგრძელება იმ მაღალი დონის კონტაქტების, რომელიც ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.

„დღეს განვიხილეთ ფართო სპექტრი ბელარუსი-საქართველოს შორის თანამშრომლობის. როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონტაქტების გაღრმავება დაიწყო, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაშიც. გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რაოდენობა ბელორუსიდან საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ“, - განაცხადა ვლადიმერ მაკეიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„სამწუხაროდ, მიუხედავად გარეგნულად გამოხატული მზაობისა თანამშრომლობის შესახებ, სინამდვილეში ძლიერ სახელმწიფოებს შორის ღია დაპირისპირება ნარჩუნდება და ამით ვზარალდებით ჩვენ, პატარა სახელმწიფოები, რომელთაც არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენი ამოცანაა, გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები ერთმანეთში. ასევე ჩვენი ამოცანაა, მივისწრაფოდეთ იმისკენ, რომ ვესაუბროთ ამ დიდ სახელმწიფოებს, რათა ჩვენი აზრიც იყოს მოსმენილი. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს და დღეს თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნაც ბევრზე მეტყველებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მოვედით დიდი ხნით, ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას აქედან. მე ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ ალბათ ჩვენ დავუშვით შეცდომა, რომ ამდენი ხანი არ გაგვიხსნია საქართველოში საელჩო. თუმცა, ეს შეცდომა დღეს გამოსწორდება. ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი ჩვენი მოსახლეობისთვის. ბელარუსი არის პატარა სახელმწიფო. ჩვენ არ გვაქვს რაღაც პოლიტიკური ამბიციები, ჩვენ გვინდა ვიმეგობროთ ყველა ქვეყანასთან და გვინდა ყველა ქვეყანაში დავინახოთ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები“, - განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.