დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენლების 304 ხმა მიიღო და ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ პრეზიდენტად იქნა არჩეული, - იუწყება CNN.
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 227 ხმა მიიღო.
ამომრჩეველთა კოლეგიის შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს კონგრესის სხდომაზე დადასტურდება.
გუშინ თითოეულ შტატში და კოლუმბიის ოლქში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები შეიკრიბნენ, რათა აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურად აერჩიათ.
აშშ-ის ფედერალური კანონის თანახმად, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები 19 დეკემბერს იკრიბებიან და თითოეული წევრი ხელს აწერს ექვს ასლს, რომელიც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის მათ მიერ მიცემულ ხმას ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ 6 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად უნდა დაითვალოს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები. აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.