საქართველოს პარლამენტი გენდერისა და სამართლის თემაზე კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტი გენდერისა და სამართლის თემაზე კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ხვალ კონფერენცია - „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის ფემინისტური ანალიზი” გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციაზე დაგეგმილია ამავე სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და სასამართლო პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები და მიზეზები.

მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი დევიდ სტოუნჰილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა გაბრიჩიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსამართლეები, იურისტები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.