საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სირიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს ჩართულობა სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, ნილს სკოტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სირიის კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს სირიის მოსახლეობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ამ საკითხში გაერო-ს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის თანამშრომლობის საკითხები.