პარლამენტის გადმოტანის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი თემა უნდა იყოს, მაგრამ ამის რამე სკანდალთან დაკავშირება არის შეუსაბამო და უსაფუძვლო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეს თემა უნდა იყოს განხილული, რადგან არებობს სხვადასხვა მოსაზრება, რომელიც ეხება ფინანსურ ნაწილს, პოლიტიკურ შემადგენელს და გამართული მუშაობის აუცილებლობას.
”არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ გამართულად იმუშაოს პარლამენტმა. მაგრამ მე თვითონ პირადად ვერ ვხედავ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აუცილებობას და საჭიროებას”, - განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ წინა პლანზე ეს საკითხი არ დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.
კითხვაზე, ხარჯების შეკვეცის ფარგლებში პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხომ არ დადგება დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის განსაზღვრას საკონსტიტუციო თანხმობა სჭირდება. ”ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.