მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ჯინაზე ხმა ქვეყნის დაქცევას მისცეს - ბატონებო, ამ ნანგრევებში თქვენც მოყევით! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
ბობოხიძემ დღეს მთავრობის ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატივები გააკრიტიკა და ”ქართული ოცნების” ამომრჩეველს მიმართა, რომ როდესაც ქვეყანაში შექმნილი პრობლემების ძიებას დაიწყებენ, გაიაზრონ, რომ შექმნილ მდგომარეობაზე გავლენა მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოახდინა. ბობოხიძემ ამავე კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ ”10 ლარად გაყიდული ხმის გამო”, არსებულ სიტუაციაზე პასუხს ისინიც აგებენ.
”სიგარეტზე აქციზიის გაძვირების გამო, ადამიანები სიგარეტს თავს არ დაანებებ - უბრალოდ, იძულებული გახდებიან უფრო იაფ და მდარე ხარისხის თამბაქოზე გადავიდნენ, რაც მათ ჯანმრთელობას კიდევ უფრო დააზიანებს. ადამიანებმა იმის ნაცვლად, რომ 2010 წლის მანქანა იყიდონ, იძულებული გახდებიან, იყიდონ 2005 წლის მანქანა ან კიდევ უფრო ძველი მანქანა, რომელიც უფრო დააზიანებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ნავთობპროდუქტებზე ფასების გაძვირების შემდეგ, ადამიანები იძულებული იქნებიან მანქანაში ჩაასხან არა მაღალი ხარისხის ბენზინი, არამედ ფასის გამო, დაბალი ხარისხის ნებზინი, რომელიც ასევე დააზიანებს გარემოს და დააზინებს იმ ადამიანებს, რომლებზეც ვითომ და, თქვენ ზრუნავთ. განსაკუთრებით ცინიკური იყო რამდენიმე თანამდებობის პირის, მათ შორის ვიცე-სპიკერის განცხადება, (რომლის შემოსავლები, თუ საწვავსაც ჩავთვლით, შეიძლება 7 ათასს ლარამდეც ადის), რომ თურმე ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატებს. ბატონებო, ის რაც თქვენთვის, მათ შორის ჩემთვის, არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი - თქვენთვის არის ეს პრობლემები უმნიშვნელო და არა რიგითი ადამიანებისთვის და პენსიონერებისთვის”, - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.