მნიშვნელოვანია, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას

მნიშვნელოვანია, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

კობახიძე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს და კოლეგებს თხოვნით მიმართა, პროკურატურას აღნიშნული საქმის მიჩქმალვის საშუალება არ მიეცეს.

”ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დროულად გახსნა. რაც შეიძლება მალე გახსნა. მზად ვარ განვიხილო ეს საკითხი თქვენთან ერთად. თუ საჭირო იქნება თუნდაც სხვადასხვა ფორმატის ამოქმედება იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საქმეში. მზად ვარ კონსულტაციისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, გივი თარგამაძე დაზარალებულად მხოლოდ ერთი კვირის წინ სცნეს და საქმის მასალების გასაცნობად დღეს დაიბარეს.

”დღემდე გივი თარგამაძე საქმის მასალებსაც კი არ იყო გაცნობილი. საქმის მასალებს არ აცნობდნენ არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატებს. მთლიანად საქმე არის ბურუსით მოცული. მინდა გთხოვოთ თქვენც, ჩვენს კოლეგებსაც, ნუ მივცემთ საშუალებას საქართველოს პროკურატურას, მიჩქმალონ ეს დანაშაული - ჩადენილი ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ, ჩადენილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. მოვთხოვოთ პროკურატურას ეფექტური გამოძიება. აქ ნათლად იკვეთება წინასაარჩევნო პოლიტიკური მიზნები, რომლებსაც აუცილებელია, რომ პასუხები გაეცეს”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გივი თარგამაძე დღეს თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.