შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე შესძლებენ თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
ჩუგოშვილმა გამოსვლა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესის მილოცვით დაიწყო. მან მადლობა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ პროცესში - განსაკუთრებით კი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს.
”ბოლო პერიოდში საქართველომ შესძლო და გადალახა ის ძირითადი ტექნიკური შეფერხებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს აჭიანურებდა. გუშინ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიიღო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარჩენილია ბოლო ტექნიკური ნაბიჯები. ვიცით, რომ ევროპარლამენტში საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების ბოლომდე მისაღებად და ბოლომდე მისაყვანად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე შესძლებენ თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა”, - განაცხადა სესიაზე თამარ ჩუგოშვილმა.