საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე წევრის შემცირების საკითხზე თანაგუნდელ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას და ბრალდებებს „უხერხულს“ უწოდებს.
„ჩიორა თაქთაქიშვილის ეს განცხადება შეუძლებელია სერიოზულად აღიქვა. რაც შეეხება ფორმალურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ ვნახეთ, რომ 25-მა ადამიანმა და მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტა საკითხი, ისე როგორც თავად თაქთაქიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ საჭიროდ. პარტიის ამაზე მეტად დემოკრატიულად მართვა, უბრალოდ არ არსებობს. ჩიორა თაქთაქიშვილის ხმამ გადაწყვიტა, როგორ უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. გაუგებარია, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. რაც შეეხება უხერხულ ბრალდებას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გასცა პასუხი, რომ ეს არის დაკავშირებული პარტიაში გარკვეულ რეორგანიზაციასთან, ხარჯების ოპტიმიზაციასთან. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გუნდურობასთან. უხერხულია, ასეთი ბრალდებების გაჟღერება უაპელაციოდ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“. თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ ეს პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.