ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ

ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება. 
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორმატი, რომელიც შეირჩამ ბევრად უფრო ეფექტური იქნება მუშაობაში. 
„დადგენილების პროექტში ჩანაწერი დგება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა გათვალისწინებულია. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ, რადგან ამ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არასწორი ფორმატი იქნა შემოთავაზებული, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ფორმატით იმ დადგენილებას დავამტკიცებთ, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება. ჩვენი ამოცანა, კონსტიტუციის დახვეწაა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია არ დავხვეწოთ, შეგვიძლია, იმ არასწორ ფორმატს დავთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იყო შემოთავაზებული. ეს ჩვენი მიდგომა იყო, რომელიც მკაფიოდ განვმარტეთ. 

სამართლებრივი და პრაქტიკული არგუმენტებია იმის, რომლებიც ამტკიცებს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმატი არის არა მარტო უფრო სწორი, არამედ ერთადერთი უალტერნატივო ფორმატი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციის დახვეწის შესაძლებლობას მოგვცემს. 
დადგენილების მიღებისთანავე, ჩემი მხრიდან შესაბამის სუბიექტებს წერილები დაეგზავნებათ და განსაზღვრულია ვადა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატები. როგორც კი პერსონალური შემადგენლობა დაკომპლექტდება, კომისია მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს. 
რაც შეეხება ამ ფორმატის ეფექტურობას, ამ ფორმატზე სწორედ იმიტომ ჩამოვყალიბდით, რომ შედეგი დამდგარიყო. სერიოზული და გარკვეული ხარვეზები იყო მაშინ, როცა წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში კომისია შეიქმნა და მაშინ, როგორც ექსპერტი, იმაზე ვსაუბრობდი, რომ ეს ხარვეზები პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევდა და შედეგები არ დადგებოდა. იმისათვის, რომ ჩვენ იგივე არ გაგვემეორებინა, სწორი ფორმატი ჩამოვაყალიბეთ, რაც შედეგის მიღწევის საშუალებას მოგვცემს. 

ყველაზე კარგი შედეგი ის იქნება, რომ კონსენსუსი შედგეს ყველა საპარლამენტო პარტიას შორის. სრული კონსენსუსის რესურსი არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სრული კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავხვეწოთ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.