ნატალია საბანაძე:   ახლა ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურაა გასავლელი

ნატალია საბანაძე: ახლა ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურაა გასავლელი

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე მიესალმება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხმება ერთი შეხვედრით შედგა, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წარმატებით დასრულდა... სამმხრივი შეთანხმება მიღწეულია. ძალიან მიხარია, რომ ერთი შეხვედრით დასრულდა ეს ყველაფერი და შეთანხმება უკვე გვაქვს. ახლა დარჩენილია ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურა გასავლელი, დაუბრუნდება ტექსტი საბჭოს, შემდეგ საბჭო, ალბათ, ელჩების კონფიგურაციით განიხილავს, მერე გადაუგზავნის ისევ პარლამენტს, რადგან ტექსტმა გარკვეული ცვლილება განიცადა“, - განაცხადა საბანაძემ.

მისვე თქმით, ცვლილება გულისხმობს იმას, რაც არის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი ახალი ვიზალიბერალიზაცია უნდა შევიდეს ძალაში ერთდროულად შეჩერების მექანიზმთან ერთად.

დღეს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ტრიალოგის პირველივე შეხვედრის ფარგლებში შედგა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE). ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.