ციხისძირიდან ხეების გადარგვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ. როგორც პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრი, რეზო ხარაზი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირებებს არ უსრულებს და ხეების გადარგვით არის დაკავებული.
„ადრე თუ სამი ხის გადარგვა იყო დაგეგმილი, ახლა ორჯერ და სამჯერ მეტი ხე მიაქვს ივანიშვილს. ეს წინასაარჩევნო დაპირებებში არ იყო, თუმცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ ლარის გამყარების სანაცვლოდ, ის მოთხრიდა და გადარგავდა ხეს, ხალხი კი ამით იქნებოდა ბედნიერი. ივანიშვილი განაგრძობს ხეების გადარგვას, მოსახლეობა კი ისევ რთულ სოციალურ მდგომარეობაშია. ვაპროტესტებთ ხეების გადარგვას და სხვადასხვა სახის აქციას ვგეგმავთ“, - აღნიშნა რეზო ხარაზმა.
კომპანია „ზიმო“ ციხისძირიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ 6 ხის გადარგვას გეგმავს, მათ შორის ერთი მაგნოლიის ხეა, რომლის გადარგვის მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და დაახლოებით, ერთ თვეში ზღვის გავლით ხე გურიის პარკში გადაირგვება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში ციხისძირიდან გურიის პარკში ტიტას ხე გადარგეს.