საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის აზრით, პრეზიდენტმა მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სახელმწიფოს ინტერესს უპირისპირდება.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
„მოწვეული სპეციალისტები, არასაპარლამენტო პარტიები იქნება ჩართული და ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს პარლამენტი. ამაში არათუ საწყენი არ უნდა იყოს არაფერი, არამედ ვისაც შეუძლია და მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს სრული მხარდაჭერა. ეს იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“, - განაცხადა ვოლსკიმ.