ვფიქრობ, არ არის სწორი, წინასწარ, ვიდრე საკონსტიტუციო კომისია საერთოდ მუშაობას დაიწყებს, საზოგადოებას კითხვის ნიშნები მანამდე გავუჩინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაფასა, რომ ისინი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. ”ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. ასევე მგონია, რომ არ არის სწორი, წინასწარ, ვიდრე კომისია საერთოდ მუშაობას დაიწყებს, საზოგადოებას კითხვის ნიშნები მანამდე გავუჩინოთ ან მანამდე ეჭვი შეიტანოს ვინმემ პროცესის სისწორეში. ეს არ მგონია სწორი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, შეიცვლება და პრეზიდენტის წარმომადგენლები მიიღებენ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის ხელმძღვანელობის აღება არის ერთადერთი სწორი გზა. ”ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტის მიერ იქნება აღებული, მგონია, რომ არის ერთადერთი სწორი გზა, რადგან ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი არის ის ერთადერთი ორგანო, რა თქმა უნდა, 200 000 ამომრჩეველთან ერთად, რომელსაც ნებისმიერი ტიპის საკანონმდებლო წინადადების ინიცირება შეუძლია. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. მით უმეტეს მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური და სწორია, რომ საქართველოს პარლამენტს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ამ პროცესში წამყვანი როლი ჰქონდეს. საქართველოს პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს ერთპიროვნულად ცვლილებების ინიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ წავედით გახსნილობის და გამჭვირვალობის გზით, ამ სამუშაო პროცესში ჩავრთეთ მაქსიმალურად ბევრი ექსპერტი, ორგანიზაცია და, რა თქმა უნდა, იმ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, ვისაც მიგვაჩნია, რომ წვლილის შეტანა შეუძლია კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილების წესი თავად კონსტიტუციის ნაწილია. ”კონსტიტუციაში ცვლილების წესი თავად კონსტიტუციის ნაწილია, მაგრამ რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, თუ სად უნდა იქმნებოდეს საკონსტიტუციო კომისია და ა.შ. ბუნებრივია, რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია გაწერილი არ არის, რადგან წესით ქვეყანას კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს იმდაგვარი, რომ მუდმივად საკონსტიტუციო კომისიების შექმნის საჭიროება არ იყოს, თუმცა კონსტიტუციაში ცვლილებების წესი თავად კონსტიტუციით არის განსაზღვრული”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ. მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.