ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ ”დასანანსა” და ”საწყენს” უწოდებს.
როგორც რამაზ საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეს ნაბიჯი წამგებიანია პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის, რადგან, „გამოდის, რომ პრეზიდენტი ”უარს ამბობს სახელმწიფო საქმიანობაზე”. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს მსგავსი გადაწყვეტილებები არ სჩვევია და გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი.
„კარგი გუნდია და დასანანია, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. კაცმა რომ თქვას, პოლიტიკურად წამგებიანია ამ გუნდისთვის. წამგებიანია მათთვის, რადგან გამოდის, რომ პრეზიდენტი თუ თავმჯდომარე არ გახდა ამ კომისიის, ისე სახელმწიფო საქმიანობაზე უარს ამბობს და არ სჩვევია ჯერ ასეთი ნაბიჯები გიორგი მარგველაშვილს. აქ უკვე იკითხება წყენის მაგვარი. ეს არის ცოტა გაუგებარი და კიდევ უფრო სამწუხარო”, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის „აქტიურად ამუშავებას“ გეგმავს.