თუ არჩევანის საშუალება მექნებოდა, შესაძლოა, მხარი ოპოზიციის არცერთი კანდიდატისთვის არ დამეჭირა, მითუმეტეს - „ნაციონალური მოძრაობისთვის“

თუ არჩევანის საშუალება მექნებოდა, შესაძლოა, მხარი ოპოზიციის არცერთი კანდიდატისთვის არ დამეჭირა, მითუმეტეს - „ნაციონალური მოძრაობისთვის“

ჩემი შინაგანი პოზიციით, ნდობის ჯგუფში ოპოზიციის არცერთ კანდიდატს მხარს არ ვუჭერ, მაგრამ აქ პრინციპია მთავარი, -  ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„არის თანამდებობები, რომელიც კვოტით ოპოზიციას ეკუთვნის. თუ არჩევანის საშუალება მექნებოდა, შესაძლოა, მხარი არცერთისთვის არ დამეჭირა, მითუმეტეს - „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ მე მხარს ვუჭერ არა რომელიპე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, არამედ- დემოკრატიულ პრინციპს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კვოტა უმცირესობისთვის, ან ოპოზიციისთვისაა და შესაბამისად, მათ უნდა განესაზღვრათ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებდა.

მისი თქმით, კვოტები თანაფარდობით განაწილდა.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ 27  წევრი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს“ კი - 6. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას 12 ადგილი ეკუთვნის, „პატრიოტთა ალიანსს“ კი - 3. მათ ეს 3 ადგილი აითვისეს, ამიტომ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დარჩენილი ერთი თანამდებობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. თუ ჩემს ძალაუფლებას გამოვიყენებდი და დემოკრატიულ პრინციპებს დავარღვევდი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერდი, მაგრამ მათ ეს ადგილი ეკუთვნით და უნდა მიიღონ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, წლების წინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობაში იყო, კანონის მიხედვით ნდობის ჯგუფის წევრებს კენჭი ეყრებოდათ, მაგრამ მათ დავით გამყრელიძეს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, ოპოზიციას ნდობის ჯგუფში წარმომადგენელი არ ჰყავდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„ჩემი ინიციატივით, 2013 წელს კანონში ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ნდობის ჯგუფის კანდიდატურებს კენჭს აღარ უყრის. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თავის კანდიდატურას წარადგენს, რომლებიც სტანდარტულ პროცედურებს გადიან. ამ პროცედურებით, საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათი სანდოობა დგინდება  და შემოწმების შედეგს პარლამენტი ცნობად იღებს“, - განაცხადა შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.  

როგორც მან აღნიშნა, ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატი უნდა შემოწმდეს.

„შესაძლოა, ქალბატონ ირმა ინაშვილს ეგონა, რომ მისი შემოწმება მიზანმიმართულად, პიროვნულად ხორციელდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატი უნდა შემოწმდეს და მათ შორის - მეც. ეს სტანდარტია არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ქალბატონი ირმას განცხადება მისი პოლიტიკური მესიჯია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც უნდა შეამოწმოს. მათ შორის -  ირაკლი აბესაძე და გიგა ბოკერია. შესწავლილ უნდა იქნას მათი კონტაქტები და გადაადგილებები, რათა გაირკვეს, რუსეთის აგენტი ვინ არის.