„უტიფართა მზე“ – დამშრალი ლაზიკა და დატბორილი თბილისი

„უტიფართა მზე“ – დამშრალი ლაზიკა და დატბორილი თბილისი

 

ეჰ, რას ნიშნავს არაინფორმირებულობა?!

საკმარისია, ჩამოხვიდეთ მსოფლიოს „ყველაზე განათებული“ და „ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციის“ მდგრადად განვითარებადი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის (“The City That Loves You!” და ვნებიანი ოხვრა-ჩურჩული…) აეროპორტში, და თქვენ შეგიძლიათ, დედამიწაზეც აღმოაჩინოთ სამოთხე. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე რამაა საჭირო – უყუროთ მხოლოდ ნაციონალური მასშტაბის არხებს – საზოგადოებრივ არხს, „იმედს“, „რუსთავი-2“-ს, გაეცნოთ თბილისის მერიის ვებ-გვერდს www.Tbilisi.gov.ge და მონუსხოთ თქვენი ცნობიერება უფასოდ გავრცელებული უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ჟურნალით – „თბილისური ამბები – ასე აშენდება თბილისი“…

ამ ჟურნალში ნახავთ თბილისით მოხიბლულ უცხოელ სტუმართა შთაბეჭდილებებს – ჯონ მალკოვიჩი, მონაკოს პრინცი ალბერ II… მოდიან უცხოელები… თურმე 2011 წ. 2,8 მილიონი ტურისტი ჩამოსულა, აქედან 95% – თბილისში, „ექსპერტთა გათვლით, 2012 წ. 5 მილიონი ტურისტი ჩამოვა“ (ეს ექსპერტები ვასილ ჭყოიძისა და მიშა თავხელიძის კვალიფიკაციისა და პირუთვნელობის სტანდარტის მატარებლები იქნებიან, მაგრამ who cares…), და რა გასაკვირია, რომ ტურისტს თვალს ჭრიდეს შეღებილი სახლები, მოოქროვილი შადრევნები, უკვე გარემონტებული თუ გადათხრილი ქუჩები, უამრავი რეკლამები, და ასობით რესტორანი და კაზინო, რაც მათ წარმატებული და სწრაფადგანვითარებადი ქვეყნის შთაბეჭდილებას უქმნის… მართლაც, ძველის ნგრევის და ახლის შენების ენერგია და ტემპები თუ ლიონ ფეიხტვანგერისა და პაბლო პიკასოს მასშტაბის ხელოვნებში სტალინისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზაციას შობდა, თანამედროვე ტურისტისაგან რატომ უნდა იყოს გასაკვირი დღევანდელი თბილისით და ნაცმოძრაობის „დემოკრატი“ ლიდერებით აღფრთოვანება?!

მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ – ჩვენ, – ვინც აქ ვცხოვრობთ და ტურისტებისაკენ პირით დადგმული მოოქროვილი «ტაშტის» უკანა, დაჟანგულ და ობითდაფარულ მხარესაც მშვენივრად ვიცნობთ?

აგერ, ზემოთხსენებული ბროშურისთვის შექმნილი ის ფანტასტიური სქემა რომ ავიღოთ, სადაც შუაში რგოლზეა „ტურისტი“ აწერია, ხოლო ირგვლივ კეთილდღეობის მანიშნებელი რგოლები და ფოტოებია… მოდით, გადავავლოთ თვალი:

„სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა“!.. ტურისტებს ეჭვიც არ ეპარებათ სარეკლამო ბუკლეტის ავტორთა კეთილსინდისიერებაში… და ჩვენ, მწარე გამოცდილების მქონეებს კი, იმწამსვე გვახსენდება დედანატირები და განადგურებული სოფლის მეურნეობა, სადაც უკვე კარტოფილის 95% და პომიდორის 70% თურქეთიდან შემოგვაქვს, გვახსენდება გლეხებისთვის წართმეული საძოვრები და სათიბები, 6-ჯერ შემცირებული ღორის სულადობა, ცეზარ ჩოჩელის მიერ მონოპოლიზირებული სასაკლაოები და 8-დან 16 ლარამდე გაძვირებული ხორცი… ტურისტმა კი ეს არაფერი არ იცის! საყვარელია ტურისტი! საყვარლად მიამიტი!

მეორე რგოლზე აწერია – „მშენებლობა და საშენი მასალების ინდუსტრია“. და ტურისტები ისევ გულმოწყალედ იღიმებიან და თავებს აკანტურებენ. ჩვენ კი გვახსენდება „ცენტრ-პოინტის“ ზღაპრებით გატყავებული 6000 მენაშენე და მათგან წაგლეჯილი მილიონებით მოქველმოქმედე კდემამოსილ-ღვთისმოსავი ბანოვან-პარლამენტარი, გვახსენდება ხელისუფლების მიერ განადგურებული და მითვისებული სამშენებლო კომპანიები „არტი“ და „პრიზა“, გვახსენდება კეზერაშვილის ცოლის და ბოკერიას ცოლისდის მიერ უნებართვოდ და დილეტანტურად აშენებულ-დანგრეული რუსთავი-2-ის შენობა და იქ დაღუპული ორი ახალგაზრდა, რომელთა საქმეების გამოძიება მინისტრთა ცოლების დასაწყნარებლად სასწრაფოდ მიაფუჩეჩეს… გვახსენდება გიგა ბოკერიას მამის უეცრად აყვავებული და ტენდერწარმატებული სამშენებლო ფირმა… გვახსენდება ქუთაისში პარლამენტის ადგილზე მემორიალის სასწრაფოდ დასანგრევად ატეხილი პრეზიდენტი და ამ ატეხვას შეწირული უდანაშაულო დედა-შვილი… გვახსენდება, როგორ, რატომ და ვისთვის მიმდინარეობს „ძველი თბილისის ახალ ცხოვრებად“ მონათლული რეაბილიტაციური პროექტები და რას „საქმიანობენ“ ძველი თბილისის რეაბილიტაციის საბაბით გიგი უგულავას მიერ შექმნილი და მისი ნათესავების (ქვისლის – გიორგი ღონიაშვილის), ახლობლების და თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ფონდები… გვახსენდება, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მშენებლობის ტენდერს ხელისუფლების ათიოდე დაახლოებული პირიდან რომელიმე იგდებს ხელში… [გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ნანა ბიგანიშვილის შესანიშნავი ჟურნალისტური გამოძიება -„გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია“ http://www.youtube.com/watch?v=PMZqFMmnS8w&feature=share ]

ძნელია ამის ნახვისას მიამიტური ღიმილი შეგრჩეს სახეზე…

შემდეგი მომნუსხველი რგოლი – „რესტორნების ინდუსტრია“! რა გემრიელი და ნოყიერი რგოლია, ტურისტებში რომ მომენტალურად ნერწყვის გამოყოფას იწვევს… ინდუსტრია, რომელიც სააკაშვილის ახლობელი ძმები შარანგიების GMC ჯგუფმა, უგულავას ახლობელი მინისტრის და მისი ძმა რურუების “Two Minutes”-მა და პარლამენტარ გეგენავას M-გრუპ-მა და “ნუგეშმა” გაინაწილეს.

ტურისტების გულისგამხარებელი მორიგი რგოლი – „სასტუმრო ინდუსტრია“! აბა, ტურისტებმა რა იციან, როგორი მეთოდებით გამოდევნეს „რედისონ ბლუდ“ ქცეული „ივერიიდან“ ლტოლვილები? როგორ დაანგრიეს ქალაქის ცენტრში თაბუკაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლი, რომლის ტერიტორიის მითვისება სახელმწიფო მოხელეებს „კემპინსკის“ ასაშენებლად და საკუთარი გამდიდრებისათვის უნდოდათ? ან როგორ მოიცვა საქართველო 2004 წლიდან დღემდე ათასობით საკუთრების მეპატრონის მიერ თავიანთი ნაკვეთების და უკვე აშენებული სასტუმროების სახელმწიფოსათვის მოულოდნელად ჩუქების არნახულმა და აუხსნელმა ეპიდემიამ (www.foreignpress.ge/?p=20535)? 

„საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“. საქართველო გზებს აშენებს! თუ წინა 30 წელიწადს შევადარებთ, ალბათ 100-ჯერ უფრო მეტი გზა დაიგო ახლა, მაგრამ თუ გაწეულ ხარჯებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საქართველოში გზები არც ისე უხვად და სწრაფად შენდება, როგორც ტურისტებს შეიძლება მოეჩვენოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთსადაიმავე გზებზე ხშირად რამდენიმე წყაროდან და ფონდიდან პარალელურად იხარჯებოდა ფული (ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, “ქართუ ფონდი” და ა.შ.), მოსალოდნელია, რომ მიუკერძოებელი აუდიტის პირობებში ისე აღმოჩნდეს, რომ საქართველოში 1 კვ.მ გზის დაგება გაცილებიც ძვირი დამჯდარა, ვიდრე ამერიკასა თუ ინგლისში… და რომ ეს ლამაზი ბლეფიც – „საქართველო – გზების მშენებელი ქვეყანა!“ მორიგი სატყუარაა, სინამდვილეში უნდა იყოს – „საქართველოს ხელისუფლება – გზების მშენებლობებიდან მოტეხილი ფულით მსოფლიოს ჩემპიონი და გინესის რეკორდსმენია!“

სქემაში ნახსენებია „საბანკო სისტემა“ (სადაც მხოლოდ სააკაშვილისთვის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი ბანკები ძოვენ, ხოლო „ქართუ ბანკისათვის“ სპეციალურად დრაკონული კანონები და რეგულაციები დააკმვიდრეს), „ჯანდაცვა“ (სადაც სიმბოლიურ ფასად კარის ბიზნესმენ ფარმაცევტებისათვის გადაცემული და ახლა უკვე გაფურჩქნილი დიდი ლამაზი კერძო ჰოსპიტლების ფონზე აქა-იქ სოკოსავით მომცრო 15-30 საწოლიანი ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიების კლინიკები იწონებენ თავს, ოღონდ იქ ვერავინ შედის, სიძვირის და პერსონალის ნაკლებობის/არაპროფესიონალიზმის გამო) და „ელექტრონული ტექნოლოგიები“, (რომელთა დანერგვის ძირითადი მოტივაცია საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მოქალაქის და კომპანიის შემოსავლების უმკაცრესი კონტროლი გამხდარა, რათა მერე ამ შემოსავლების მიხედვით მოწველონ ნაცმოძრაობის არალეგალური საარჩევნო ყულაბის შესავსებად. ახლა კი პრეზიდენტის ახალი ფანტასმაგორიული ახირება – ჰოლოგრამული 3D მინისტრები და ვირტუალური სამთავრობო სხდომები იქნება ამ ტექნოლოგიებს ახალი, “ნაცური” გასხივოსნება).

დაბოლოს – „უსაფრთხოების სისტემა“!

„საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა! აქ მანქანებს არ იპარავენ! აქ მოქალაქეებს არ ქურდავენ და არ ძარცვავენ! აქ თქვენი საკუთრება უმაღლეს დონეზეა დაცული! მშვიდად იყავით, ქართული პოლიცია თქვენ დაგიცავთ კრიმინალებისაგან!“

მაგრამ, თუ ეს ასეა, რატომ მოხდა, რომ ECA International-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დედაქალაქმა 400 ქალაქიდან საცხოვრებლად ყველაზე სასურველის რანგში მხოლოდ 199-ე ადგილი დაიკავა? ამ კვლევაში ხომ უსაფრთხოების დონე ერთერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი იყო? რას ნიშნავს “უსაფრთხოების სისტემა” ქვეყანაში, სადაც მთავარი საფრთხე სწორედ პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურებისაგან მოდის? ქვეყანაში, სადაც მიტინგების დაშლა სადამსჯელო ოპერაციებად აქციეს და მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგაც კი უმოწყალოდ ურტყამენ? რა შეიძლება ითქვას “უსაფრთხოების სისტემაზე”, სადაც ათობით პოლიტპატიმარი და სამსახურებიდან პოლიტიკური პოზიციის გამო ასობით განთავისუფლებული ადამიანია? რამდენად უსაფრთხოა ქალაქი, სადაც მოსახლეობის ¾-ს სჯერა, რომ მას უსმენენ და სადაც მიტინგის შემდეგ მაღაზიების სახურავებზე „დენით გარდაცვლილ“ ხელფეხშეკრულ გვამებს ნახულობენ? ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველი გამუდმებით ლაპარაკობს ციხეებში წამების ფაქტებზე, რომლებიც მუდამ გამოუძიებელი რჩება… ციხეები, სადაც პატიმართა რაოდენობა ბოლო 8 წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა და მსოფლიოში „ამ მაჩვენებლით“ ლიდერის პოზიცია დაიკავა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 140 პატიმარი (მათი უმრავლესობა – 40 წელზე უფრო ახალგაზრდა) გარდაიცვალა, ზოგჯერ იმ ვითარებაში, როცა მათ სხეულზე ძალადობის კვალია. ქვეყანა, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პატიმარი “კიბიდან ვარდება” და იღუპება, ხოლო მის ოჯახს მხოლოდ 8 საათის შემდეგ ატყობინებენ… სადაც ჟურნალისტებს ხელს უშლიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, მასალებს ართმევენ, ფიზიკურად შეურაცხყოფენ და დასაშინებლად ჯაშუშობის ბრალდებას თუ სხვა დამამცირებელ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იყენებენ, და ყველაფერი ეს რჩება აბსოლუტურად გამოუძიებელი და დაუსჯელი!!!… ეს არის “უსაფრთხოების სისტემა”? ეს არის ის ქვეყანა, სადაც პოლიციას თურმე შეიძლება 87%-იანი რეიტინგი ჰქონდეს? ის რეიტინგი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების პოლიციის უფროსებს არ დაესიზმრებათ?

მაგრამ არის ამ საკითხის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც აქამდე ნაკლებად გვაწუხებდა თითქოს – ბუნებრივი კატასტროფები და საქართველოს მოქალაქეების დაცულობა.

შარშან მაისში მთელ საქართველოში კოკისპირული წვიმების გამო მოხდა სერიოზული მსხვერპლი რიკოთის უღელტეხილზე და სასწაულად გადავრჩით, რომ სპორტსმენი ბავშვებით სავსე ავტობუსი ლაფმა გააჩერა და ღვარცოფმა მდინარეში არ მოისროლა. ეკოლოგიური და ბუნებისდამცველი ორგანიზაციები საქართველის ხელისუფლების მხრიდან გამართული პოლიტიკის არარსებობაზე, ხოლო რიგი ექსპერტები – საგზაო სტრუქტურების უსაფრთხოების გეგმების არარსებობაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ რაიმე გაკეთდა? – გარდაცვლილები დაასაფლავეს, გზები გაასუფთავეს, გვირაბი შეაკეთეს და პრობლემა დაივიწყეს…

რაიმე გაკვეთილი საქართველოს მთავრობამ შარშანდელი ტრაგედიიდან არ გამოიტანა. ის კი არა, „გაგვახარა“ 15 დიდი ზომის ჰესის სასწრაფოდ და გარემო უსაფრთხოების სათანადო დასკვნის გარეშე მშენებლობის მათთვის ჩვეული ავრალური დაწყებით, გასაიდუმლოებული სამუშაო გეგმით, და როგორც ყოველთვის, გარემოს დამცველი მინისტრის გამაოგნებელი უვიცობით, რომელიც ვიდეოჩანაწერში აღიარებდა, რომ ჰესების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, მაგრამ სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საჭირო საქმეა.! საჭიროება კი მხოლოდ ერთია, 15-ვე ჰესი თურქეთის და არა საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ამ უზარმაზარი რესურსების ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფიც კი არ დაიკლებს! ხოლო რიგ წყალუხვ რეგიონში, მაგალითად ქუთაისში, სადაც სადღეისოდ წყლის ტარიფი გაზის ფასს უტოლდება (!!!), არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ წყალზე ტარიფი კიდევ უფრო გაზარდოს! განვლილ წელიწადში ასევე გამოცხადდა აბსოლუტურად ირეალური თუ სიურეალისტური საუკუნის მშენებლობის – ნახევარმილიონიანი ქალაქ ლაზიკის პროექტი, რომელიც შემდეგ ინვესტორებისაგან ქურდულად მოპარული და მთავრობის სტილში „ნიუ-ვასიუკიდ“ უნიჭოდ გადაკეთებული პლაგიატი აღმოჩნდა… მიმდინარეობს ხეების მასიური ჩეხვა და საზღვარგარეთ უკანონო გატანა, ტყეების და წყლების გასხვისება უცხოელებზე ათეულწლიანი კონტრაქტებით… მთავრობამ მიიღო დრაკონული პროექტი, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს ბუნების, ფაუნის და საერთოდ ეთნოსის უპრობლემოდ განადგურების თამასუქს აძლევს!

და აი, ახალი ტრაგედია – თბილისში 12-13 მაისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ორთაჭალის დიდი ნაწილი, ასევე დიდუბის, საბურთალოს და დიღმის ტერიტორიები, სადაც მთელი ღამე მოსახლეობა პანიკაში იყო, გადაადგილება – პარალიზებული. საუბედუროდ, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი – ოჯახი გორის რ-ნის სოფ. შავშვებიდან, რომლებიც თბილისში თავის ახლობელთან იყვნენ სტუმრად. სავარაუდოდ, მსხვერპლი და ორთაჭალის მასიური დატბორვა გამოწვია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის კოლექტორის და არხების სისტემის გაუმართაობამ, როდესაც უეცრად მოვარდნილმა წყალმა ჯერ ტბის დამცლელი სარეზერვო არხი ჩახერგა ნაგვით, ხოლო შემდეგ ტბამ ჯებირები გადმოანგრია და მასიური წყალდიდობა გამოიწვია.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/53299-saidan-movarda-tsyali-romelmac-orthatcalashi-ubedureba-daatriala-video.html?showadvert=1&rand=413275

უცხოური მედია – აშუქებს თბილისში სტიქიური უბედურების კადრებს (“ასოშიეთედ პრესის” მიერ გავრცელებული საინტერესო ფოტოები შაჰინ აივაზოვს ეკუთვნის, იმ ფოტორეპორტიორს, რომელიც 1 წლის წინ „ჯაშუშების საქმეზე“ შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს, მაგრამ აშშ ელჩის ჩარევის შემდეგ გაანთავისუფლეს)

http://www.thejournal.ie/five-killed-as-flooding-strikes-georgian-capital-tbilisi-449567-May2012/

აი, რას წერს ფეისბუქზე გიორგი ჩიქოვანი, რომლის კითხვებს ხელისუფლების მიმართ სრულად უნდა ვინაწილებდეთ და სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად უნდა დადგინდეს, ვისი ბრალი იყო 2012 წლის 12-13 მაისის ღამის მსხვერპლი და ქალაქისათვის მიყენებული დიდძალი მატერიალური ზარალი:


George Chikovani

მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ სანიაღვრე ქსელების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში და დღემდე ვინ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე ქსელების მომსახურებაზე? რაც უნდა მოიცავდეს:

1. სანიაღვრე კოლექტორების და სათავე ნაგებობების შემოწმებას, გვერდმიმღებების გაწმენდას,

2. სანიაღვრე და საკონტროლო ჭების გაწმენდას,

3. დრენაჟებზე საკონტროლო ჭების გაწმენდას,

4. სათავე ნაგებობების და კიუვეტების გაწმენდას,

5. გადამაერთებელი სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების დამუშავებას მავთულით,

6. სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების გარეცხვას,

7. გატეხილი და დაზიანებული ცხაურების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების შეცვლას ახლით,

8. სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებზე დაზიანებული ჭების შეკეთებას,

9. დიდი წვიმების დროს სანიაღვრე ცხაურებზე მიტანილი ნაგვის დროულ გაწმენდას,

10. სანიაღვრე ჭებიდან დანალექი ლამის გატანას ნაგავსაყრელზე 15-20 კმ-ს მანძილზე,

11. ღია არხების გაწმენდას.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3942471850180

პასუხი, სავარაუდოდ არ იქნება!

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 12 მაისს ბათუმში ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე დიდი ხნის გაცვეთილ არღანს ატრიალებდა საქართველოს ეკონომიურ სასწაულზე, არნახულ ტემპებზე, მომხიბვლელ ქართველ ფოტომოდელ-მებაჟეებზე, 13 მაისს დღის მეორე ნახევარში თბილისში გამოჩნდა, ორთაჭალის მოსახლეობას მიუსამძიმრა, თავისი წუხილი გაანდო და პრობლემის გადაწყვეტის მისეული გეგმაც გაგვიზიარა. (მოწოდებულია ”ინტერპრესნიუსის” მასალების მიხედვით)


როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის მასშტაბით უნდა დაიწყოს ყველა, ე.წ. ბარაკის აღწერა და ამის შესახებ ის უკვე ესაუბრა დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისში ხალხი ჩამოდის სოფლიდან და ხშირ შემთხვევაში ასეთ ადგილებს ქირაობს, ზოგი გირაოში დებს თავის ბინას და “ბარაკებში” ქირაობს, ზოგი ბინას კარგავს და შემდეგ ასეთ პირობებში ხვდება.
“ჩვენ უნდა აღვწეროთ ეს “ბარაკები”. უნდა გავაკეთოთ პროგრამა, თუნდაც რამდენიმე წელზე გაწერილი იმისთვის, რომ თბილისში “ბარაკები” აღარ იყოს. კი, მე მესმის, რომ ჩამოდის ხალხი, კი, მესმის, რომ სამუშაოს მაძიებელია, კი, მესმის, რომ სხვადასხვა ცხოვრების პირობები შეიძლება იყოს, მაგრამ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ პირობებში არსად არავინ ცხოვრობდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას ეშინოდა, რომ ამ ზამთარში უხვად მოსული თოვლის შემდეგ, რეგიონებში არ მომხდარიყო წყალდიდობა. “მაგრამ, მოულოდნელად პირდაპირ თბილისის ცენტრში დაგვარტყა”, – დასძინა პრეზიდენტმა.

უყურე, შენ!! – ეშინოდა, თურმე!

ნერვიულობდა… გუდაურის და მესტიის კალთებზე დაცვის რკალით შემოსარტყული ნებივრად მოსრიალებს-თქო, ჩვენ ვფიქრობდით, და მას კი, თურმე, შიშით აცახცახებდა! რეგიონების ბედით შეშფოთებული ბათუმის და სიღნაღის რესტორნებსა და ბარებში იკლავდა თვალზე მოძალებულ რულს და ჩვენ გვეგონა, დაბოლილი იყო! სწორედ იმიტომ გარბოდა წამდაუწუმ თბილისიდან, რომ რეგიონებში ელოდა სტიქიის შემოტევას და სურდა, ისევ ისე ეპიცენტრში ყოფილიყო და ისევ ისე მიეშვირა თავისი მთრთოლვარე მკერდი საფრთხისათვის, როგორც ადრე რუსის ავტომატისათვის განმუხურში და… ამ ოხერმა სტიქიამ კი, როგორ რუსებივით მოულოდნელად და მუხანათურად სწორედ მაშინ და იქ დაარტყა, სადაც არ ელოდა! აბა, რას წარმოიდგენდა?

რას წარმოიდგენდი, მამავ და მარჩენალო? რას წარმოიდგენდი, როცა შენი თვალუწვდენელი ფანტაზიები ანაკლიიდან სოხუმისკენ მიმართულ (ერთხელ უკვე წაღებულ და მაინც აღდგენილ) ხიდზე ოცნებებს და ლაზიკის ჭაობებიდან ამოწვდენილ ულტრათანამედროვე ცათამბჯენების მაკეტებს ეთამაშება? სად გაქვთ შენ და შენსავით „ჭკუადალაგებულებს“ და „სინდისდავარცხნილებს“ იმის დრო და საშუალება, რომ კოლექტორებზე, სანიაღვრე არხებზე, ხელოვნური ტბორების ჯებირების სარემონტო სამუშაოებზე, სამაშველო სამსახურების სტარეტეგიულ განვითარებაზე და ტექნიკით მომარაგებაზე და სხვა მსგავს პროზაულ და ძნელადგასაპიარებელ ამბებზე იფიქროთ? სად გცალია შენ ამ ბარაკებში მონებივრე ურჩი მენაშენეების მდგომარეობაზე საფიქრებლად, როცა ამდენი „ჯასთ დრაივია“ ასაგები და „ჯასთ ყავები“ შესაკვეთი? რა ჰქნას შენმა მირაჟში გაჭენებულმა ცნობიერებამ, რომელსაც ჰოლოგრაფიული 3D მინისტრების კაბინეტის ფორმირება და ვირტუალური საპარლამენტო მოსმენები, ხოლო სასთუმალთან ზოგიერთი მინისტრის გამოსაძახებელი WiMax კნოპკები ელანდება? რა დროს წყალდიდობა და წვიმა იყო ამ წინასაარჩევნოდ, როცა წინა დღეს მთელ მსოფლიოს აცნობე, რომ ქართველები თურმე 4,7 მილიონი გავხდით (ნეტა რომელმა ჩიტმა მოგიტანა ეს ამბავი?! თუმცა, აბა, საარჩევნოდ დაგეგმილ 4 მილიონ ამომრჩეველს ხომ უნდა წინასწარ „გაპრავება“!) და რომ, თურმე, ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი მიღწევა საზღვარზე მებაჟეებად განწესებული სუპერსექსუალური და მომხიბვლელი ქართველი გოგონებია!

მოკლედ, აქ ყველაფერი გასაგებია – არ ეცალა კაცს, ახლა მოიცალა და აგერ ნახეთ, თუ რომელიმე ბარაკი სადმე გადარჩეს! ხოლო ყველა ბარაკდანგრეულს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში რომ ბარაკთან ერთად ცხვირსაც მიუნგრევენ და კრედიტებს რომ სასწრაფოდ ააღებინებენ, რათა გადახდაუუნარო მოვალეების შავ სიაში მოხვედრილ 260,000 მონობისათვის განწირულ ადამიანსა და ოჯახებს კიდევ 30,000-50,000-ს რომ დაუმატონ, ამაში ეჭვი მხოლოდ ტურისტებს შეიძლება ეპარებოდეთ, მიამიტებს…

აი, რას ამბობს ჩვენი დემოკრატიის მეორე (ამომავალი) უტიფარი “მზე” – ქალაქის მერი გიგი უგულავა, რომელმაც სულ რაღაც 2 კვირის წინ „მსოფლიოს უდიდესი მშენებლის“, დონალდ ტრამპის აღფრთოვანება და პირისდაღებამდე მისული განცვიფრება გამოიწვია. სწორედ ის გიგი უგულავა, რომელმაც თავის ქვისლს ათეულმილიონობით ქონება დაუმტკიცა აღდგენილ აღმაშენებელზე, ხოლო თავისი თანამშრომლებისაგან უყოყმანოდ შეიძენა 1000-1000 ლარიანი კიპარისები (რომელთა რეალური ფასი მხოლოდ 30-30 ლარი იყო)… განსაცვიფრებლად კრისტალური გიგის გამონათქვამები:


თბილისის მერმა გიგი უგულავამ 13 მაისს, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა: “ღამე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს სამთავრობო რეზიდენციაში არსებული ტბა გასკდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე თვითონ ღამე 4 საათზე ვიყავი და ვნახე, დავათვალიერე. ეს [ტბა] დახურული ტერიტორიაა დღესაც, მაგრამ იქ ამის ნიშნები არ შეინიშნებოდა. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სრულად დადგინდეს”.


რამე ხომ არ გაგახსენდათ, ჩემო კარგებო? ტურისტებს არ გაახსენდებოდათ, მაგრამ თქვენ მაინც არ გაგახსენდათ 2009 წლის 26 აპრილის საზარელი ღამე, როცა სანდრო ეულის ქუჩაზე „რუსთავი-2“-ის „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობა მთლიანად ჩამოინგრა და ორი ახალგაზრდა ოპერატორი იმსხვერპლა? გახსოვთ, როგორ ელვის სისწრაფით გაჩნდა მაშინაც ადგილზე ქალაქის მერი გიგი უგულავა და კიდევ უფრო უსწრაფესად როგორი ექსპერტული დასკვნა გააკეთა ცისკრის პირველ სხივებამდე პროფესიით თეოლოგმა და რწმენით მარკშეიდერმა გიგიმ? უგულავამ განაცხადა, რომ გაოგნებულია მომხდარით. “ეს იყო კაპიტალური შენობა, მის ერთ ნაწილში კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა, თუმცა არა მგონია, რომ ეს გამხდარიყო შენობის დანგრევის მიზეზი, რადგან რემონტი მზიდ კედლებს არ შეხებია”.

და მერე ხომ ყველასთვის (ტურისტების გარდა) აშკარა გახდა, რომ შენობის რემონტი ძალიანაც არაკოსმეტიკური იყო და სწორედაც რომ მზიდ კონსტრუქციებს (კერძოდ – საყრდენ კოლონებს) შეეხო, რომელთა დიდი ნაწილი აბსოლუტურად უმეცრულად მოანგრიეს, რამაც შენობის ხუხულასავით ჩამოშლა გამოიწვია… ისიც ხომ აშკარა გახდა, რომ დანგრევიდან რამდენიმე წუთში ასეთი „ექსპერტული შეფასება“ საკუთარი თანაგუნდელების და უცებგაბიზნესვუმენებული ქალბატონების – კეზერაშვილის ცოლისა და ბოკერიას ცოლისდისთვის ალიბის შეკერვის მცდელობა იყო მხოლოდ?! აქედან გამომდინარე, რაღაც გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ორთაჭალის მოსახლეობის ის გამაუბედურებელი ტბა, ან მისკენ მიმავალი ის კოლექტორები თუ არხები შეიძლება რომელიმე სამთავრობო მაღალჩინოსანს ან მათი ოჯახის წევრს ეხება (კეზერაშვილს? ბენდუქიძეს? ბოკერიას? ადეიშვილს?) და ბატონი გიგი ისევ “პალოჩკა-ვირუჩალოჩკის” ჩვეულ როლს თამაშობს ექს-სტიქაროსნული გულმოწყალებით შეჭურვილი… და რატომ იყო უგულავასთან ერთად ღამით გამოსული ხათუნა კალმახელიძე, რა ხდება ორთაჭალის ციხეში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში? რამდენად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თუ პატიმართა შორის მსხვერპლი იყო, ამას ჩვენი „ანგელოზი“ მინისტრი გულახდილად მოგვიყვება?..

„ღამის 4 საათზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იქაურობა უკვე დატბორილი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა, წყალსაცავიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გარე განათება გათიშა და ისინიც ვერაფერს აკეთებდნენ.“

ახლა ხომ ყველაფერი გასაგებია – მსხვერპლი თურმე გამოიწვია ბარაკებმა და ბარაკებში ჩასახლებულმა მოსახლეობის უცოდინრობამ… ტბის ჯებირები არ დანგრეულა… მერე იტყვიან, რომ ტბა საერთოდ არცა ყოფილა… სამაშველო სამსახურები მედგრად იბრძოდნენ (ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას, თუმცა ვფიქრობ, ეს ბრძოლა გაცილებით წარმატებული იქნებოდა, წინასწარ ვინმეს რისკების დათვლა და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები რომ ჩაეტარებინა), საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უკლებლივ ყველა ბარაკი დაანგრიოს და ხალხს სასწრაფოდ კრედიტები ააღებინოს… ხოლო ვინც კრედიტებს ვერ აიღებს, იქ დაბრუნდება, სადაც ბარაკები ბედნიერი საქართველოს იმიჯს ვერ გააუარესებს…

საქართველო უნდა იყოს ის, რასაც სამთავრობო ტელევიზიები გადმოსცემენ… მხოლოდ მაშინ გვეყოლება 5 მილიონი ბედნიერი ტურისტი, თუნდაც – 4 მილიონი პირაკრული, დამუნჯებული და დაყრუებული ქართველის ხარჯზე

ბუნებრივი კატასტროფები სხვაგანაც ხდება, გაცილებით უფრო მოწესრიგებულ ქვეყნებში. განსხვავება იმაშია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არასოდეს აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, არასოდეს აკეთებს რაიმეს უბედურების პრევენციისათვის, არასოდეს იკლებს სახსრებს იმ პროექტებიდან, რომელიც ან პირადად მათთვის მომგებიანია, ან მაგრად „ბრჭყვინავს“, – იმ პროექტების სასარგებლოდ, რომელიც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… და მაშინაც, კი, როდესაც უბედურება ხდება, უსინდისოდ იტყუება, იტყუება, იტყუება…

P.S. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს და ჩემი თანაგრძნობა ყველა ჩვენთაგანს, ვისაც ამ უგვანო ხელისუფლების ატანა კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს… და იმაზეც იფიქრეთ, რა მოხდება, თუ ეს უტიფრები და უცოდინრები 15 დიდ ჰესს ააშენებენ. თითოეულ ამ ჰესს ხომ კრწანისის ხელოვნურ ტბაზე 1000-ჯერ ან 10000-ჯერ უფრო დიდი წყალსაცავი ექნება…

P.P. S. როდესაც ღამენათევი და ნამთვრალევი (სავარაუდოდ) მიხეილ სააკაშვილი ტრაგედიიდან 12 საათის შემდეგ ორთაჭალაში დაზარალებულ მოსახლეობას ეწვია და მდგომარეობის გამოსასწორებლად ბარაკების უსწრაფესი აღება დასახა გეგმად, ხოლო უსახლკაროებს დროებითი თავშესაფრის გამოყოფას დაპირდა, ნამდვილად ცოტა მეგულება ადამიანი, რომელიც გამოიცნობდა, რომ ამ დროს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს თვითმფრინავი უკვე შეკაზმული ჰქონდა და სულ რაღაც 6 საათში სლოვენიაში საქართველო-ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარფინალზე მოგვევლინებოდა თავის სამაგალითო სპორტის მინისტრთან ერთად! ის ბედნიერი და ნეტარი სახეები, რომლითაც ორივე ახალგაზრდა ნპოლიტიკოსი ფეხბურთს უცქეროდა საკმაოდ განსხვავდებოდა არამცთუ ქართველი ადამიანის იმიჯისაგან, როდესაც მის სახლში (მისთვის მმართველობაში ჩაბარებულ სახელმწიფოში!) ტრაგედია დატრიალდა და ახალგაზრდა დედის და ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები დაუკრძალავი იყო, არამედ ანალოგიურ სიტუაციაში ევროპელი პოლიტიკოსის იმიჯისგანაც… სწორედ ამიტომ გერმანული ტელეარხის კომენტატორმა თავი ვერ შეიკავა და თავისი გაოცება გამოთქვა – ამის სამშობლოში დღეს წყალდიდობა მოხდა, ხალხი დაიღუპა და ნეტა აქ რა უნდაო? (((((

მართალი გითხრათ, არ მწყენია ბატონი მიხეილის საქციელი… მისგან წიხლი და ამგვარი ქცევა საწყენი არაა და თანაც რაც უფრო მეტი ადამიანი საზღვარგარეთაც გაიგებს მაგ კოკასა შიგან რა დგას, მით უკეთესი, თორემ სარეკლამო ბუკლეტების და პიარში დახარჯული მილიონების წყალობით ჯერ კიდევ დალაგებული ჰგონია ზოგიერთს საზღვარგარეთ…