ელენე ხოშტარია:

ელენე ხოშტარია: "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე გადაწყდება

პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის წესის შესახებ, რომელსაც მე არ ვემხრობოდი, თუმცა ცხადია, ვემორჩილები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, თავმჯდომარეები უნდა იცვლებოდნენ, გუნდი უნდა მდიდრდებოდეს და ამის ვინმეს დაკნინებად აღქმა და მითუმეტეს, ამის გამო ლანძღვა, სრულიად გაუგებარია.

"სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თანაგუნდელი ლანძღვაზე, შანტაჟზე და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული პოზიცია მქონდა. ცხადია, ამას არ გავიმეორებ. არც პიროვნულად მიმაჩნია სწორი და არც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას, რაც ყრილობაზე გადაწყდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავმჯდომარეები უნდა იცვლებოდნენ, გუნდი უნდა მდიდრდებოდეს და ამის ვინმეს დაკნინებად აღქმა და მითუმეტეს, ამის გამო ლანძღვა, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩვენი პარტია გახდეს ევროპული, იცვლებოდნენ თავმჯდომარეები, გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღებოდეს და ვვითარდებოდეთ”, - წერს ხოშტარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. სხდომაში მონაწილე 50 წევრიდან  25-მა 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის აურჩევლობას დაუჭირა მხარი.

24-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. ერთმა  ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.