საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალიზაციას, როგორც წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას

საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალიზაციას, როგორც წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას

ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება, მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას. სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის. ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოუთმენლად ელოდება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს, უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს, ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება.

„ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპარლამენტის გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის,  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და პირადად პრეზიდენტ შულცს საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი  წვლილისთვის.